სხვადასხვა

რუსული საინფორმაციო პროპაგანდა ბავშვებისთვის ახალ ანიმაციას ამზადებს

1 მარტი, 2016

რუსეთის ხელისუფლება, რომელიც უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს საკუთარ მოსახლეობაში კრემლის მიერ ავტორიზებული გზავნილების გავრცელებას, იდეოლოგიური პროპაგანდის სამიზნედ ამჯერად მცირეწლოვან ბავშვებს ირჩევს.

ჯერ კიდევ 2 წლის წინ, რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის დაწყებისთანავე, პოპულარული საბავშვო გადაცემის „ღამე მშვიდობისა პატარებო" პატარა პერსონაჟმა გამოთქვა სურვილი , შეერთებოდა რუსულ არმიას და ებრძოლა რუსეთის საზღვრების დასაცავად.\

ამ ტენდენციის საპასუხოდ, მცირეწლოვან ბავშვებზე გათვლილი საინფორმაციო პროპაგანდის ფარგლებში, რუსი ბავშვები მალე იხილავენ ახალ ანიმაციურ ფილმს, სადაც პატარებს ყველაზე დიდ საშიშროებად მოევლინებათ გრძნეულები შოტლანდიის მთიანეთიდან. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ანიმაციური ფილმის სიუჟეტის თანახმად, საშიშ ჯადოქრებს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია - ნატო მფარველობს.

"ბავშვები ჯადოქართა წინააღმდეგ - ერთგვარი ომია პატრიოტ KGB ჯუნიორებისა და ბოროტ ჰარი პოტერის ბანდას შორის.. და KGB ბავშვები იმარჯვებენ", - წერს შოტლანტიური გამოცემა „The Herald".

ანიმაციური ფილმი ჯერ კიდევ მზადების პროცესშია. მას მხარს უჭერს რუსეთის მთავრობა და მართლმადიდებლური ეკლესია. ანიმაციურ ფილმს 8 წუთიანი ტრეილერი აქვს, რომელშიც განმარტებულია ანიმაციის შექმნის მოტივები. ერთ-ერთი რუსი სასულიერო პირის განმარტებით, ანიმაციის სიუჟეტი წარმოადგენს „მორალურ სტანდარტებთან დაბრუნებას".