პოლიტიკა

შეწყვიტეს თუ არა NDI-იმ IRI-იმ კვლევები “პატრიოტთა ალიანსის” კამპანიის შედეგად?

17 აგვისტო, 2020

7 აგვისტოს “ობიექტივის” ეთერში  დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, თითქოს პატრიოტთა ალიანსის მიერ ამერიკული ორგანიზაციების - ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) - სიცრუეში მხილების შემდეგ  ამ ორგანიზაციებმა კვლევების ჩატარება 1 წლით შეწყვიტეს. 13 აგვისტოს “პარიოტთა ალიანსმა” საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც პარტიის თავმჯდომარემ  ირმა ინაშვილმა წინა დღეს გამოქვეყნებულ IRI-ის კვლევას უნდობლობა გამოუცხადა და NDI,  IRI და Edison Research ტყუილში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა, რის მტკიცებულებადაც საკუთარი პარტიის მიერ ჩატრებული ალტერნატიული კვლევის შედეგები წარმოადგინა. ინაშვილმა ასევე მოითხოვა  IRI-ის ხელძღვანელის ქვეყნიდან გაწვევა, ისევე როგორც მისი თქმით, ადრე NDI-ის ხელმძღვანელი გაიწვიეს.

დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „ყველანაირი კვლევა კეთდება იმისთვის, რომ ვინც ძლიერია და არ მოსწონთ, ის წარმოაჩინონ სუსტად. ჩვენ ეს დავინახეთ დიდი ხნის წინ. ჯერ ამას აკეთებდა NDI და IRI... დავამტკიცეთ, რომ  NDI და IRI  ცრუობენ და მაშინ ისინი ჩამოვიდნენ და გვითხრეს, რომ არ გვინდა  ეხლა ჩხუბი, შევწყვიტავთ კვლევებს და ერთი წელი შეწყვიტეს. ერთი წლის მერე ჩათვალეს, რომ გავიდა და ისევ ჩამოვიდნენ.“

ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი: „ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას ჩვენ მივმართავთ, რომ მხილებული სიცრუის გამო, საქართველოდან გაიწვიონ IRI-ს დირექტორი ჯონ დიპო [ჯონ დიპირო], რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა საქართველოში და უკვე ტყუილით დაიწყო მისი საქმიანობა. უნდა გაიწვიონ IRI-ს დირექტორი ისევე, როგორც გაიწვიეს სულ ცოტა ხნის წინ NDI-ს დირექტორი ლორა თორტონი.“ 

დავით თარხან-მოურავის განცხადება, თითქოს პარტიოტთა ალიანსის კამპანიის შედეგად NDI-იმ  და IRI-იმ ერთი წლის განმავლობაში კვლევების ჩატარება შეწყვიტეს, ტყუილია, რადგან NDI-მა კვლევა 2020 წლის ივნისში, ბოლო კვლევიდან 6 თვიან შუალედში,  IRI-მ კი აგვისტოში, ბოლო კვლევიდან 9 თვეში გამოაქვეყნა. ტყუილია ასევე ინფორმაცია, თითქოს NDI-ის ხელმძღვანელი საქართველოდან პატრიოტთა ალიანსის კამპანიის შედეგად გაიწვიეს, რადგან ის სამუშაოდ სტოკჰოლმში IDEA-ს გლობალური პროგრამების დირექტორის თანამდებობაზე გადავიდა.

  • NDI-მა კვლევა 2020 წლის ივნისში, ბოლო კვლევიდან 6 თვიან შუალედში,  IRI-მ კი აგვისტოში, ბოლო კვლევიდან 9 თვეში გამოაქვეყნა.

2020 წლის 26 იანვარს პატრიოტთა ალიანსმა NDI-ის და IRI-ის აკრძალვის მოთხოვნით ამერკიკის საელჩოსთან აქცია გამართა, რის შემდეგაც დაახლოებით 6 თვე გავიდა. 

NDI და IRI საქართევლოში საზოგადოებრივი აზრის კვლევებს წელიწადში რამდენჯერმე ატარებენ.  ბოლო 3 წლის მონაცემებზე დაკვირვებით საქართველოში NDI წელიწადში საშუალოდ 2-3 კვლევას აქვეყნებს, IRI კი 1-2-ს. ბოლოს NDI-მა კვლევა 2020 წლის ივნისში, წინა კვლევიდან 6 თვეში,  IRI -მა კი 2020 წლის აგვისტოში, ბოლო კვლევიდან 9 თვეში ჩაატარა.

 

NDI IRI
2020 წლის ივნისი 2020 წლის აგვისტო
2019 წლის დეკემბერი 2019 წლის ნოემბერი
2019 წლის ივლისი 2019 წლის ივლისი
2019 წლის აპრილი 2018 წლის მაისი
2018 წლის დეკემბერი 2017 წლის აპრილი
2018 წლის ივნისი  
2018 წლის მარტი  
2017 წლის დეკემბერი  
2017 წლის ივნისი  
2017 წლის აპრილი  
  • NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოდან სამუშაოდ სტოკჰოლმში IDEA-ს გლობალური პროგრამების დირექტორის თანამდებობაზე გადავიდა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი ლორა თორნტონი, რომელიც ამ პოზიციაზე 2014 წლიდან 2020 წლამდე მუშაობდა, სამუშაოდ სტოკჰოლმში, ორგანიზაცია International Institute for Democracy and Electoral Assistance (IDEA)-ს გლობალური პროგრამების დირექტორის პოზიციაზე გადავიდა. ლორა თორნტონის ახალ სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებული მანიპულაციები ერთიანი კამპანიის ნაწილი იყო, რომელსაც ფეისბუკზე NDI-ის წინააღმდეგ, როგორც პატრიოტთა ალიანსთან, ასევე ხელისუფლებასთან დაკავშირებულიმის გვერდები აწარმოებდნენ.

მედიის განვითარების ფონდის მიერ გამოქვეყნებული 2019 წლის “ანტიდასავლური პროპაგანდის” ანგარიშის თანახმად, 2020 წლის იანვარში “პატრიოტთა ალიანსის” მიერ ამერიკის საელჩოსთან NDI-ის და IRI-ის კვლევების წინააღმდეგ გამართულ აქციას  წინ ამ ინსტიტუტების სანდოობის შესახებ  ბიძინა ივანიშვილის კრიტიკული შეფასებები უსწრებდა.   მანამდე ქვეყნის სუვერენულ საქმეებში ჩარევის გასაპროტესტებლად პატრიოტთა ალიანსმა ამერიკის საელჩოს წინ საპროტესტო აქციები 2019 წლის სექტემბერში გამართა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის დევიდ კრამერის პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებას ითხოვდა. 


მოამზადა გიორგი გიორგაძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია