ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

შეთქმულების თეორია: აშშ-ში პროფესორი ანტისიმსივნური პრეპარატის შექმნის გამო მოკლეს

2 ნოემბერი, 2016

"ასავალ-დასავალი”-ს 2016 წლის 10 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდა პროფესორ გია ალექსიძის ინტერვიუ, რომელშიც ის აშშ-ს ანტისიმსივნური პრეპარატის შექმნის გამო პროფესორების მკვლელობაში ადანაშაულებს:

"ამერიკაში ერთმა პროფესორმა შექმნა ანტისიმსივნური პრეპარატი, რომელსაც „ჯისიმა" ჰქვია. ამ პრეპარატის შექმნის შემდეგ დაახლოებით ათი პროფესორი მაინც მოკლეს! ყოველწლიურად ფარმაცევტული კომპანიების ბრუნვა 73 მილიარდი დოლარია. აქედან გამომდინარე, ვინც ამ თნხას საფრთხის ქვეშ დააყენებს და ისეთ პრეპარატს გამოიგონებს, რომელიც ქიმიოთერაპიასა და მსგავს მანიპულაციებს ხმარებიდან ამოაგდებს, ცხადია მას ბრძოლას დაუწყებენ.”

1. ჯეფ ბრედსტრიტის სიკვდილი

GcMAF-ს, ანუ მაკროფაგის გამააქტიურებელ ფაქტორს, ალტერნატიული მედიცინის პრაქტიკოსი, ჯეფ ბრედსტრიტი აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებში იყენებდა.

ოფიციალური ვერსიით, ბრედსტრიტმა 2015 წლის 19 ივნისს თავი მოიკლა, მას შემდეგ, რაც მისი სამედიცინო ცენტრის ჩხრეკის ორდერი გაიცა.

ორდერის მიხედვით, ბრედსტრიტის ჯანმრთელობის ცენტრში "კრიმინალის კონტრაბანდის ან არალეგალურად შეძენილი ნივთების" მტკიცებულებებს ეძებდნენ, რაც დაკავშირებულია შტატებს შორის ვაჭრობის რეგულაციის დარღვევასთან და ეხება საკვებს, მედიკამენტს და სხვა "ფალსიფიცირებულ და არასწორად მარკირებულ" პროდუქტს. ასევე, მოიცავს "ტელეფონით, რადიო საშუალებით ან ტელევიზიით" თაღლითობას. ამ დანაშაულის სასჯელი გულისხმობს ჯარიმას და 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ორდერში მითითებული იყო GcMAF-ით ვაჭრობასთან დაკავშირებული საქმიანობა, აგრეთვე ბრედსტრიტის ფინანსური დოკუმენტები და მისი აქტივობები ინტერნეტ სივრცეში.

2. პრეპარატი GcMAF

გარკვეული წრეების აზრით, GcMAF ახდენს იმუნური სისტემის მოდულაციას და კურნავს აუტიზმს, სიმსივნეს, აივ ინფექციას და სხვა დაავადებებს. ბელგიის ანტისიმსივნურმა ფონდმა სერიოზული ეჭვები გამოთქვა იმ სამეცნიერო ჟურნალების მიმართ, რომლებშიც GcMAF-ის ეფექტურობის შესახებ სტატიები ქვეყნდებოდა. კრიტიკული შეკითხვების გაჩენის შემდეგ, რამდენიმე ჟურნალმა აღნიშნული სტატიები ამოიღო.

დიდი ბრიტანეთის კიბოს კვლევის ცენტრმა კი მოსახლეობა გააფრთხილა და განმარტა, რომ GcMAF-ის ეფექტურობის შესახებ სამედიცინო მტკიცებულება არ არსებობს. ცენტრის განცხადებით, პროტეინის მწარმოებელი ქარხანა იყენებდა პლაზმას, რომელზეც მითითებულია "არ ენიშნებათ ადამიანებს და არ გამოიყენება სისხლის არცერთ პროდუქტში".


მოამზადა სოფო გელავამ