სხვადასხვა

“სირცხვილის კორიდორის” ყალბი პოსტი და ფოტომანიპულაცია “მითების დეტექტორის” შესახებ

14 ნოემბერი, 2019

განახლება: “სირცხვილის კორიდორის” ყალბი ინფორმაცია და ფოტომანიპულაცია ასევე ფეისბუკ გვერდმა “სტალინი” გააზიარა. “სირცხვილის კორიდორს” მითების დეტექტორის შესახებ ყალბი პოსტი 15 ნოემბრის მდგომარეობით “აპინული” აღარ აქვს.

2019 წლის 13 ნოემბერს პრო-სახელისუფლებო გვერდმა “სირცხვილის კორიდორი”, რომელიც პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დისკრედიტაციითა და ყალბი ინფორმაციის გავრცელებით არის დაკავებული, “მითების დეტექტორის” შესახებ ყალბი ინფორმაციის შემცველი პოსტი და ფოტომანიპულაცია გამოაქვეყნა, თითქოს ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმა “მითების დეტექტორი” “სირცხვილის კორიდორის” პოსტებს სიმართლეს უწოდებს.

“სირცხვილის კორიდორს” ხსენებული პოსტი "აპინული" აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ გვერდის თითოეული მომხარებელი პირველ რიგში აღნიშნულ ყალბ ინფორმაციას გაეცნობა. ამით “სირცხვილის კორიდორი” ერთი მხრივ “მითების დეტექტორის” დისკრედიტაციას, მეორე მხრივ კი საკუთარი ყალბი პოსტების ლეგიტიმაციის გაზრდას ისახავს მიზნად.

“მითების დეტექტორს” საკუთარ პლატფორმაზე “სირცხვილის კორიდორის” მიერ გავრცელებული ორი ყალბი ინფორმაციის შესახებ აქვს სტატია გამოქვეყნებული.

""

“სირცხვილის კორიდორმა” ფოტომანიპულაცია “მითების დეტექტორისთვის” სტუდია მონიტორის ჟურნალისტის მიერ მომზადებულ სტატიის ვიზუალზე დაყრდნობით შექმნა.

"

 

ერთი თვით ადრე "სირცხვილის კორიდორმა" ყალბი ინფორმაცია ინტერნეტ-გამოცემა ბათუმელების სახელითაც გაავრცელა. "სირცხვილის კორიდორი" ბათუმელების სახელით წერდა, თითქოს ნაციონალური მოძრაობის წევრის სალომე სამადაშვილის ვაჟიშვილი მოსკოვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლობდა, რისი გადასახადიც $20 000-ს აჭარბებდა, ხოლო ევროპული საქართველოს წევრის გიგა ბოკერიას ქალიშვილის სწავლის საფასური 16 451 ლარს შეადგენდა. “ბათუმელების” სახელით გავრცელებულ სქრინს თან ახლდა ფეისბუკ გვერდის სარედაქციო მინაწერი, რომლის მტკიცებით, დამოუკიდებელმა სააგენტომ – ნეტგაზეთის ბათუმის რედაქციამ, ოპოზიციონერი დეპუტატების სწავლის და ხარჯების შესახებ სკანდალური მასალა გაავრცელა. სქრინის თანახმად, “ბათუმელებმა” სტატია სათაურით “სად სწავლობენ და რა უჯდებათ ოპოზიციური პარტიის შვილებს სწავლა?” გამოაქვეყნა.

“ბათუმელებს” მსგავსი სტატია არ გამოუქვეყნებია, რედაქციის უახლესი პუბლიკაცია იდენტურ თემაზე კი მთავრობის წევრების მიერ შვილების განათლებაში გადახდილ დიდ გადასახადებს შეეხებოდა. ყალბია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სალომე სამადაშვილს შვილი ჰყავს და შესაბამისად, განათლების მისაღებად მას ვერც მოსკოვში გაგზავნიდა.

“მითების დეტექტორი” მოუწოდებს თავის მკითხველს არ შევიდეს შეცდომაში და “სირცხვილის კორიდორის” მიერ გამოქვეყნებული პოსტი ყალბი ინფორმაციის კრიტერიუმით დაარეპორტოს.