მედია

“სირცხვილის კორიდორმა” ინფორმაცია “ბათუმელების” სახელით გააყალბა

16 სექტემბერი, 2019

განახლება: “ბათუმელების” რედაქციამ FACEBOOK-ს მათი სახელით გაყალბებული სტატიის გამო მიმართა


13 სექტემბერს ფეისბუკგვერდმა “სირცხვილის კორიდორი” ინტერნეტ-გამოცემა ბათუმელების სახელით გაავრცელა ინფორმაცია, გამოცემის შესაბამისი ბმულის მითითების გარეშე, რომელიც იუწყებოდა, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრის სალომე სამადაშვილის ვაჟიშვილი მოსკოვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლობდა, რისთვისაც ის $20 000-ს აჭარბებდა, ხოლო ევროპული საქართველოს წევრის გიგა ბოკერიას ქალიშვილის სწავლის საფასური 16 451 ლარს შეადგენდა.  “ბათუმელების” სახელით გავრცელებულ სქრინს თან ახლდა ფეისბუკ გვერდის სარედაქციო მინაწერი, რომლის მტკიცებით, დამოუკიდებელმა სააგენტომ – ნეთგაზეთის ბათუმის რედაქციამ, ოპოზიციონერი დეპუტატების სწავლის და ხარჯების შესახებ სკანდალური მასალა გაავრცელა. სქრინის თანახმად, “ბათუმელებმა” სტატია სათაურით “სად სწავლობენ და რა უჯდებათ ოპოზიციური პარტიის შვილებს სწავლა?” გამოაქვეყნა.

"

სალომე სამადაშვილის შემთხვევაში კომენტარებში მომხმარებლები ყურადღებას ოპოზიციის ორმაგ სტანდარტებზე ამახვილებდნენ და წერდნენ, რომ ერთი მხრივ, ოპოზიცია ხალხს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის გამო აკრიტიკებდა, თავად სამადაშვილი კი შვილს სასწავლებლად მოსკოვში აგზავნიდა.

"

“სირცხვილის კორიდორის” მიერ გავრცელებული მასალა ფაბრიკაციაა, რადგან “ბათუმელებს” მსგავსი სტატია არ გამოუქვეყნებია, რედაქციის უახლესი პუბლიკაცია იდენტურ თემაზე კი მთავრობის წევრების მიერ შვილების განათლებაში გადახდილ დიდ გადასახადებს შეეხებოდა. ყალბია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სალომე სამადაშვილს შვილი ჰყავს და შესაბამისად, განათლების მისაღებად მას ვერც მოსკოვში გაგზავნიდა. 

“ბათუმელების” რედაქციამ “მითების დეტექტორს განუცხადა, რომ სტატია მსგავსი სათაურით მათ არ გამოუქვეყნებიათ. პუბლიკაცია, რომელიც 13 სექტემბერს “ბათუმელებმა” გამოაქვეყნა მმართველი პარტიის მინისტრებისა და მათი მოადგილეების შვილების კერძო სკოლებში სწავლებას შეეხებოდა (“რა უჯდებათ მინისტრებსა და მათ მოადგილეებს შვილების კერძო სკოლებში სწავლება”).

"

პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან სალომე სამადაშვილი გავრცელებულ ცნობებს ფეისბუკით როგორც საკუთარ გვერდზე, ასევე “სირცხვილის კორიდორის” კომენტარებში გამოეხმაურა და ფაქტი უარყო. 

"

"


პროპაგანდის მეთოდი

ყალბი ინფორმაციის ლეგიტიმაციის მიზნით, დაინტერესებული მხარე ზოგჯერ სანდო მედიების სახელებს იყენებს, რათა მიზანმიმართულად გავრცელებულ დეზინფორმაციას მეტი დამაჯერებლობა შესძინოს. სალომე სამადაშვილის შემთხვევაში “შვილის” სასწავლებელ ადგილად მოსკოვის მითითებით კი საზოგადოებაში აღნიშნული პოლიტიკოსის ორმაგი სტანდარტების შესახებ ეჭვების დათესვა ხდება, რაც პოსტის თანმხლებ კომენტარებშიც აისახა.