პოლიტიკა

“სპუტნიკის” და “პოლიტიკანოს” სარედაქციო პოზიცია ვენესუელაზე = კრემლის პოზიციას

30 იანვარი, 2019

ვენესუელაში განვითარებული მოვლენების შესახებ კრემლის პროპაგანდისტულ ნარატივს, რომელიც რუსეთის ოფიციალურ პოზიციას ემთხვევა, “სპუტნიკ-საქართველოს”, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის  რუსულენოვანი ვებ-გვერდები და ფეისბუკ გვერდი “პოლიტიკანო” ავრცელებენ. ისინი ხალხის პროტესტს პრეზიდენტ მადუროს სოციალისტური რეჟიმის წინააღმდეგ აშშ-ს მიერ ორგანიზებულ “არეულობად” წარმოჩენენ და აშშ-ს სხვა ქვეყნის საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ.

2019 წლის 23-დან 28 იანვრის ჩათვლით სპუტნიკ - საქართველოს, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ვებ-გვერდებზე მინიმუნ 11 სტატია ვენესუელის საკითხს დაეთმო. სტატეიბი ცალმხრივი და დაუბალანსებელი იყო და მხოლოდ რუსეთის ხელისუფლების პოზიციას, ხოლო ზოგიერთი ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებისას ასახავდა (იხ. დანართი - ცხრილი 1). ყველა მასალა ვენესუელაში განვითარებული მოვლენების ერთადერთ მიზეზად აშშ-ს ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ინტერესებს ასახელებდა და მას სხვა ქვეყნის საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებდა. ხშირ შემთხვევაში ვენესუელის მოვლენები მორიგ “ფერად რევოლუციად” იყო მიჩნეული და პარალელები სირიისა და ლიბიის მოვლენებთან იყო გავლებული. აღსანიშნავია, რომ ქართულენოვანი “სპუტნიკი” არსებითად განსხვავდება რუსულენოვანისგან და აქ ვენესუელის მოვლენებთან დაკავშირებით მხოლოდ ოფიციალური თბილისის პოზიციას და ფოტოკოლაჟის თანხლებით, შედარებით ნეიტრალური ინფორმაციას  ვხვდებით. ამასთანავე, ფოტოკოლაჟი, სათაურით “ცეცხლი და ალი ვენესუელის დედაქალაქის თავზე - არეულობა კარაკასში” ძირითადად ისეთი სურათების ნაკრებს წარმოადგენს, სადაც პროტესტის მონაწილეები ცეცხლს ალს ანთებენ და შუშის ბოთლებს ისვრიან, რაც ერთიანი კონტექსტის ჩვენების გარეშე, მომიტინგეების მიმართ ნეგატიურ განწყობას ქმნის.

ვენესუელის მოვლენების შესახებ სპუტნიკის იდენტურ ვერსიას ფეისბუკ-გვერდი Politicano-ც გვთავაზობს. 24 იანვარს გამოქვეყნებული მასალის თანახმად, ვენესუელაში განვითარებულ მოვლებში  გადამწყვეტ როლს აშშ თამაშობს, რომელსაც ეკონომიკური ინტერესები ამოძრავებს და  წლებია “ვენესუელაზე ცდილობს შეტევის მიტანას”. 26 იანვრის პოსტში პოლიტიკანომ ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს “ამერიკულ პუტჩად” მოიხსენია. 24 სექტემბერს გამოქვეყნებულ პოსტში კი ჩავესის, მადუროსა და ლათინური ამერიკის სხვა სოციალისტი დიქტატორების იდეალიზება სცადა.

"

სპუტნიკისა და პოლიტიკანოს მიერ მრავალგზის გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ვენესუელაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებში მთვარ ფაქტორს არა შიდა პრობლემები, არამედ აშშ- ს ინტერესები წარმოადგენს, სიცრუეა.  პროტესტისა და ხალხის უკმაყოფილების მიზეზი სოციალისტური პოლიტიკის კრახი: ქვეყანაში არსებული ჰუმანიტარული კატასტროფა და ეკონომიკური კრიზისია, რასაც ნიკოლას მადუროს მხრიდან დიქტატურის გამყარების მცდელობა ემატება ძალაუფლების სრული კონსოლიდაციითა და ოპოზიციის დევნით. ამასთნავე, მადუროს ვენესუელელი ხალხი და დემოკრატიული სახელმწიფოები  არალეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევენ.

ეკონომიკური კრიზისი

1970-იან წლებში ვენესუელა ლათინური ამერიკის უმდიდრესი სახელმწიფო იყო  და დემოკრატიული მიმართულებითაც ვითარდებოდა, ის  ადგილს მსოფლიოს მდიდარი ქვეყნების ოცეულში იკავებდა. თუმცა, უგო ჩავესის სოციალიტურმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, რაც მისმა მემკვიდრემ ნიკოლას მადურომაც გააგრძელა,  ვენესუელის ეკონომიკა კოლაფსის პირას მიიყვანა. ჩავესმა ფერმების უდიდესი ნაწილის ნაციონალიზაცია და ქარხნების ექსპროპრიაცია მოახდინა და პროდუქციაზე ფიქსირეული ფასები დააწესა, რის შედეგადაც ვენესუელაში სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და მძიმე მრეწველობის  წარმოება შემცირდა. ჩავესის ხელისუფლებამ ტელეკომუნიკაციების და სხვა სისტემების ნაციონალიზაცია მოახდინა, რასაც შედეგადაც ქვეყანაში წყლისა და ელექტრენერგიის დეფიციტი მოჰყვა.  მადურომ ჩავესის პოლიტიკა გააგრძელა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ნავთობიდან მიღებულიმა შემოსავალმა იკლო, ვენესუელის ხელისუფლება პროდუქციის უცხოეთიდან შეძენას ვერ ახერხებდა და ქვეყანაში საკვების დეფიციტი და შიმშილობა დაიწყო. დოლარის ყიდვა ვენესუელაში მხოლოდ შავ ბაზარზეა შესაძლებელი, რადგან მთავრობამ რამდენიმე წლის წინ თავისუფალი სავალუტო ოპერაციები აკრძალა.

"
ტუალეტის ქაღალდის ღირებულება  2.6 მლნ ბოლივარია (2018 წლის აგვისტო)
წყარო: Carlos Garcia Rawlins / Reuters

  • სუპერ-ინფლაცია: საერთაშორისო სავალუტო ფონდის  თანახმად, ინფლაციის დონე 2018 წელს 1 370 000 % იყო, 2019 წლისათვის კი 100 მლნ. % არის პროგნოზირებული. ჰიპერინფლაციის შედეგად ქვეყანაში ბარტერის პრაქტიკაც კი  დაინერგა.
  • ბოლო 4 წლის მანძილზე მშპ 50%-ით შემცირდა.
  • ნაციონალიზაციის შედეგად სოფლის მეურნეობა და მძიმე მრეწველობა განდგურდა.
  • 2017 წლის ბოლოსა და 2018 წლის დასაწყისის ანალიზის საფუძველზე გამოქვეყნებული 2019 წლის ეკონომიკური თავისუფლების  ინდექსის მიხედვით, ვენესუელა ბოლოს წინა ადგილზეა ჩრდილოეთ კორეის შემდეგ.
  • ვენესუელა ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციას ახდენს: ნავთობის წარმოება ვენესუელის ეკონომიკის 95%-ს  შეადგენს.

"
კარაკასი, 2018წ, აგვისტო
წყარო: Marco Bello / Reuters

ვენესუელის მთავრობა ეკონომიკურ კრიზისს, საკვებისა და მედიკამენტების ნაკლებობას "ეკონომიკურ ომს" აბრალებს, რომელსაც, მათი მტკიცებით, "იმპერიალისტური ძალები" ეწევიან.

ჰუმანიტარული კატასტროფა

  • ვენესუელის მოსახლეობის თითქმის 90% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ  იმყოფება და დღეში მხოლოდ ერთხელ იკვებება. ვენესუელას ქუჩებში სანაგვეებიდან ნარჩენების შეგროვება ჩვეული სურათია.
  • ვენესუელაში საკვები პროდუქტები შავ ბაზარზე  იყიდება, სადაც ასევე დეფიციტურია. სრულფასოვან კვებაზე ხელი ელიტის მხოლოდ ძალიან მცირე ჯგუფს მუწვდება;
  • ვენესუელაში ჯანდაცვის კუთხით საგანგაშო  მდგომარეობაა. საავადმყოფებს არ აქვთ შესაბამისი აღჭურველობა და ქვეყანაში მედიკამენტების დეფიციტია. შიმშილობის ფონზე  ეპიდემიების, როგორიცაა მალარია და წითელა და სხვა დაავადებების რიცხვი შემაშფოთებლად მომატებულია.
  • ბავშვები შიმშილისაგან იხოცებიან. ვენესუელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების მიხედვით, 2016 წელს  11 446 ახალშობილი (1 წლამდე) გარდაიცვალა. კარიტას, კათოლიკური ჰუმანიტარული ორგანიზაციის მონაცემებით, 300 000 ბავშვი  შიმშლით სიკვდილის საფრთხის ქვეშ არის.  
  • ვენესუელა კოკაინისა და ტრეფიკინგის  კერად არის ქცეული. ხელისუფლების წარმომადგენლები  ჩართულები არიან ნარკოტრეფიკინგში და სხვა კრიმინალურ საქმიანობაში.
  • ვენესუელაში ძალადობის სტატისიკაც შემაშფოთებელია. ოფიციალურ სტატისტიკას ხელისუფლება არ აქვეყნებს, თუმცა, Venezuela’s Violence Observatory-ის 2017 წლის  მონცემების მიხედვით, 100 000 კაცზე 89 მკვლელობა მოდის, რაც ვენესუელას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ქვეყნად აქცევს.
  • გაეროს მონაცემებით, 2014 წლიდან ვენესუელა 3 მლნ ადამიანმა  დატოვა.
  • გაეროს უმაღლესმა კომისარმა ლტოლვილთა საკითხებში ყველა ქვეყანას  ვენესუელელი ლტოლვილების მიღებისა და დახმარებისაკენ მოუწოდა.

"
ლტოლვილები ვენესუელიდან, 2018 წ.
Luis Robayo / AFP / Getty

ჰუმანიტარული კატასტროფის მიუხედავად, მადუროს რეჟიმი საერთაშორისო ორგანიზაციების, კათოლიკური ეკლესიისა და მეზობელი სახელმწიფოებისგან  დახმარების მიღებაზე უარს აცხადებს.

დიქტატურა

  • Human Right Watch-ის  მიხედვით, ოპოზიციური საქმიანობის გამო, 2013 წლიდან   ქვეყანაში13 000-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს. ადამიანებს უცხოეთიდან ჰუმანიტარული დახმარების შემოტანისთვისაც აპატიმრებენ და მათ “სართაშორისო კონტაქტებს” კრიმინალად მიიჩნევენ.
  • 2019 წლის  იანვრის საპროტესტო გამოსვლების დროს უკვე 364 ადამიანი დააპატიმრეს, ხოლო 26 გარდაცვლილია.
  • 2014-2017 წლებში მასობრივი პროტესტებს პოლიტიკრი მოწინაარმდეგეების დაპატიმრება და მათი წამება  მოჰყვა.
  • ძალაუფლების სრული კონსოლიდაციის მიზნით, პრეზიდენტმა მადურომ ეროვნული ასამბლეის ალტერნატივა-საკონსტიტუციო ასამბლეა  შექმნა. აშშ, ევროკავშირი და ლათინური ამერიკის სახელმწიფოები მას არ ცნობენ.  
  • საერთაშორისო გამჭვირვალობის 2018 წლის  ანგარიშის თანამად, ვენესუელა  მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა და 180 ქვეყანას შორის 169-ე ადგილს იკავებს.

არალეგიტიმური ხელისუფლება

ნიკოლას მადურომ უგო ჩავესის გარდაცვალების შემდეგ 2013 წელს ჩატარებულ არჩევნებში მეტოქეს მხოლოდ 1.6%-ით აჯობა. გაპრეზიდენტების  შემდეგ, ეკონომიკური პრობლემების გაღრმავების კვალდაკვალ, მოსახლეობა ქვეყნის გაღატაკებაში მადუროს და მის კომუნისტურ პოლიტიკას ადანაშაულებდა, შედეგად მისი რეიტინგი მკვეთრად დაეცა.

2018 წლის მაისის საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტი ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ გამოუცხადა. ზოფიერთ ოპოზიციურ კანდიდატს მადუროს ხელისუფლებამ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მისცა. მათ დევნიდნენ და აპატიმრებდნენ, ზოგიერთ ოპოზიციონერს ქვეყნის დატოვებაც კი მოუხდა.  ოფიციალური სტატისტიკით არჩევნებში მოსახლეობის 46%-მა მიიღო მონაწილეობა, თუმცა ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს ციფრი ბევრად დაბალი იყო.

დემოკრატიული სახელმწიფოების უმრავლესობა( 50 სახელმწიფო) ვენესუელაში ჩატარებული 2018 წლის არჩევნების შედეგებს  არ აღიარებს, რადგან ის არასამრთლიან, არაკონკურენტულ გარემოში, დარღვევებით ჩატარდა.

მადუროს არჩევნებში გამარჯვება არც ეროვნულმა ასამბლეამ ცნო და პრეზიდენტის ადგილი ვაკანტურად მიაჩნია. შესაბამისად, ვენესუელას კონსტიტუციაზე დაყრდნობით, ეროვნული ასამბლეა აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ერთადერთი ლეგიტიმურად არჩეული ორგანოს - ასამბლეის ხელმძღვანელი ხდება. 2019 წლის 23 იანვარს ეროვნული ასამბლეის თავმჯომარმ  ხუან გუაიდომ თავი პრეზიდენტად გამოაცხადა.

ცხრილი 1. სპუტნიკ - საქართველოს, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსულენოვანი ვებ-გვერდები ვენესუალას მოვლენების შესახებ ( 23-28 იანვარი, 2019)

  Sputnik – Грузия sputnik-Abkhazia sputnik-Ossetia
23.01  

სტატიაში რუსეთის ფედერაციული საბჭოს წევრი ალექსეი პუშკოვი  ვენესუელას, სირიასა და ლიბიასთან ერთად, აშშ-ს ახალ მსხვერპლად მოიხსენიებს.

სტატია  ციტირებს მადუროს, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო გადატრიალებაში ადანაშაულებს.
24.01  

ე.წ. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომლის თანახმადაც  აშშ ერევა სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში.

სტატიაში ასახულია ე.წ. აფხაზეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის მასიმ ღვინჯიას პოზიციას, რომლის მიხედვით, ვენესუელაში არასტაბილურობის მთავარი მიზეზი აშშ-ია, რომელიც სხვა ქვეყნის საქმეებში ერვევა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ ვენესუელას შიდა საქმეებში ერევა, რაც სუვერენიტეტს და მსოფლიოს უსაფრთხოებას უქმნის საფრთეს.

სტატია აშშ-ს წინააღმდეგ ვენესუელელი ხალხის ბრძოლაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ანატოლი ბაბილოვის მხარდაჭერას შეეხება.

სტატიაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი  დმიტრი მედოევი ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს  კიდევ ერთ “ფერად რევოლუციას” უწოდებს.

25.01   სტატიაში  რუსი პოლიტილოგი ვლადიმერ კირეევი ვაშინგტონს კიდევ ერთი “ფერადი რევოლციის” მოწყობაში ადანაშაულებს.  
26.01   სტატია გაეროში რუსეთის წარმომადგენლის ვასილ ნებენზას განცხადებას ციტირებს, სადაც ის აშშ-ს და მის პარტნიორებს ვენესუელაში სიტუაციის დესტაბილიზაციაში ადანაშაულებს.  
28.01 სტატია რუს ექსპერტებზე დაყრდნობით ავითარებს აზრს, რომ ვენესუელაში აშშ-ს სამხედრო ინტერვენციისთვის ნიადაგი მზადდება.   სამხრეთ ოსეთის საკანონმდებლო ორგანოს განცხადებით, ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებში აშშ-ს გეოპოლიტიკური ინტერესები  თამაშობს გადამწყვეტ როლს და ეს არის კიდევ ერთი “ფერადი რევოლუციის” მოხდენის მცდელობა.

მოამზადა ანა ჩიტალაძემ

პროფილები: