ეკონომიკა

თარხან-მოურავი თურქეთს ქართული პომიდვრის და კარტოფილის მიტაცებაში ადანაშაულებს

29 ოქტომბერი, 2019

2019 წლის 22 ოქტომბერს ტვ ობიექტივის თოქ-შოუში „ღამის სტუდია“  დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, რომ საქართველოს ექსპორტი დამოკიდებულია თურქეთის ბაზარზე და ხარისხიანი ქართული პომიდორი და კარტოფილი სწორედ იქ იყიდება, სანაცვლოდ კი საქართველოში უხარისხო პროდუქტი შემოდის.

დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „ჩვენ ეხლა რაღაცნაირად თურქეთის ეკონომიკასაც მივაბით ჩვენი თავი, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ მე ყოველთვის ვიძახდი, რომ კარგი იქნება, თუ მათ ეკონომიკას ჩვენ მოვწყდებით იმიტომ, რომ ჩვენ უფრო მეტ ფულს ვიხდით, იქით ფული მიდის ბევრი და შემოდის სრულიად უხარისხო, ჩალის, ნუ, არ ვიცი, საქონელი, რომელსაც არავითარი ხარისხი არა აქვს და კონკურენციას უწევს აქაურ პროდუქციას, რომელიც ბევრად უკეთესია. და საინტერესო იცით რა არის? თურქს აქედან მიაქვს კარტოფილი და პამიდორი და ის შემოაქვს თავისი ცუდი აქ. აი, ეს არ უნდა ხდებოდეს და თუ ამას ჩვენ მოვცილდებით და ჩვენს გლეხობას ხელს შევუწყობთ ამით, ამას რა ჯობია.”

თარხან-მოურავის მტკიცება, თითქოს თურქეთს საქართველოდან ხარისხიანი კარტოფილი და პომიდორი გააქვს, დეზინფორაციაა. თურქეთი საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნებიდან მხოლოდ მეექვსე ადგილზეა, ხოლო საქართველო თურქეთში პომიდვრისა და კარტოფილის ექსპორტს საერთოდ არ აწარმოებს.  

  • კარტოფილი და პომიდორი თურქეთში ექსპორტირებულ პროდუქციაში არ შედის

საქსტატის 2018 წლის მონაცემებით, თურქეთში ექსპორტირებული პროდუქციის 75.4% მოდის ათ უმსხვილეს ჯგუფზე, რომელთა შორისაც სოფლის მეორნეობის პროდუქტები საერთოდ არ ფიგურირებს. ეს ათეული კი ასე გამოიყურება: 

  • მაისურები, თბილი კვართები - (წილი ექსპორტში 17.5%);  
  • ფეროშენადნობები - (წილი 14%);  
  • ნახშირბადიანი ფოლადის ნახევარფაბრიკატები - (წილი 9.7%);  
  • სპილენძის მადნები და კონცენტრატები - (წილი 8%);  
  • ელექტროენერგია - (წილი 6%); 
  • მამაკაცის კოსტუმები, კომპლექტები - (წილი 4.7%); 
  • თევზის ფქვილი - (წილი 4.1%);  
  • ციანიდები, ოქსიდციანიდები - (წილი 3.4%);  
  • შავი ლითონის ნარჩენები და ჯართი - (წილი 3.1%); 
  • თევზის ცხიმები - (წილი 3.0%); 
  • დაუმუშავებელი ტყვია - (წილი 2%). 

     
  • საქართველოს საექსპორტო ქვეყნებში თურქეთი მე-6 ადგილზეა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2019 წლის იანვარ-მარტის მონაცემების თანახმად, ექსპორტის მხრივ საქართველოს სამი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა არის რუსეთი, აზერბაიჯანი და ბულგარეთი. ათეულის ჩამონათვალში კი თურქეთი მხოლოდ მეექვსე ადგილს იკავებს. 

"

  • რეალურად სად მიდის ან საიდან მოდის პომიდორი და კარტოფილი?

2017 წელს, საქსტატის მონაცემებით, პომიდვრის ექსპორტმა 4.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და მთავარი საექსპორტო ქვეყნები რუსეთი (83%) და უკრაინა (9%, წინა წელს ექსპორტი განხორციელდა უმნიშვნელო რაოდენობით) იყვნენ.

საექსპორტო ქვეყანათა ჩამონათვალი იცვლება კარტოფილის შემთხვევაში, 2017 წლის იანვარ-სექტემბერში მისმა ექსპორტმა 5.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ქართული კარტოფილი სამ მეზობელ ქვეყანაში გადანაწილდა:  აზერბაიჯანი (97%), რუსეთი (2%), სომხეთი (1%).

2018 წელს საქართველომ შეიძინა 8.2 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების პომიდორი, იმპორტის სრული მოცულობა კი განხორციელდა თურქეთიდან.  


მოამზადა მარიამ დანგაძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია