თოფურია ვაქცინებით ბავშვების სიკვდილიანობის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

20
VIEWS

2021 წლის 8 ივლისს ჰომეოპათმა თინა თოფურიამ კორონავირუსის ვაქცინების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. ანტივაქსერი ამტკიცებს, რომ ბავშვებში ვაქცინებით გამოწვეული სიკვდილიანობა 50-ჯერ აღემატება COVID-19-ით გარდაცვალებას. თოფურიას თქმით, 2021 წლის პირველ ნახევარში ვაქცინით გარდაცვალების შემთხვევები 5 000-ს აჭარბებს, თუმცა ამის მიუხედავად ბავშვებზე ვაქცინების გამოცდა არ წყდება. აღნიშნულ ინფორმაციის წყაროდ თინა თოფურია ფაიზერის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ასახელებს, ხოლო პოსტს ვებ-გვერდის naturalhealth365.com-ის სტატიას ურთავს.

;
თინა თოფურიას მტკიცება, თითქოს ბავშვებისთვის კორონავირუსის ვაქცინები 50-ჯერ უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე თავად ვირუსი, დეზინფორმაციაა. ვაქცინებით ბავშვების სიკვდილიანობის ეს მაჩვენებელი არც რომელიმე კვლევის შედეგად მიღებული მონაცემია და არც რომელიმე ოფიციალური უწყების მიერ დადასტურებული სტატისტიკა. რეალურად, ფაიზერის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ იედენი ბავშვებთან დაკავშირებით ჰიპოთეტურ პროგნოზს აკეთებს და ვაქცინების გვერდითი მოვლენების მონიტორინგის სისტემაში ასახული გარდაცვალების შეუსწავლელი შემთხვევების რაოდენობით მანიპულირებს.

  • ბავშვებისთვის კორონავირუსის ვაქცინა ვირუსთან შედარებით 50-ჯერ უფრო მომაკვდინებელი არ არის. 

naturalhealth365.com-ის სტატია, რომელსაც თინა თოფურიას პოსტი ეყრდნობა, ბავშვებში ვაქცინებით გამოწვეული სიკვდილიანობის შესახებ ფაიზერის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, დოქტორი მაიკლ იედონის ულტრამემარჯვენე პოდკასტისთვის მიცემულ ინტერვიუს ციტირებს. ინტერვიუში იედონი მართლაც ამბობს, რომ ბავშვებისთვის ვაქცინა 50-ჯერ უფრო საშიშია, ვიდრე კორონავირუსი, თუმცა ამ მოსაზრებას აღარ განავრცობს და მის გასამყარებლად არც კონკრეტულ არგუმენტებსა და კვლევების მონაცემებს ასახელებს.

კორონავირუსის ამჟამად ავტორიზებული ვაქცინების უმრავლესობა 18 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში გამოიყენება. ერთადერთი ვაქცინა, რომელიც ამჟამად 12 წელზე უფროს ბავშვებში გამოიყენება, Pfizer-ის რნმ ვაქცინაა. Pfizer-ის კორონავირუსის ვაქცინა 12-15 წლის ბავშვებში გადაუდებელი გამოყენებისთვის 2021 წლის მაისში ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტომ (FDA) და ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) დაამტკიცეს, მაისისა და ივნისის განმავლობაში 12-15 წლის ბავშვებისთვის Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება მსოფლიოს მაშტაბით 20-მდე ქვეყანაში დაიწყო. 12-15 წლის ასაკობრივი ჯგუფისთვის ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში , რომელშიც 2260 ბავშვი იყო ჩართული,  Pfizer-ის ვაქცინამ კორონავირუსის წინააღმდეგ 100%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. საკვლევ ჯგუფში გარდაცვალების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ვაქცინის ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია: ინექციის ადგილის ტკივილი, დაღლილობა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ცხელება. აღნიშნული გვერდითი ეფექტები მსუბუქი ან საშუალო სიმწვავისაა და ვაქცინის მიღებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ქრება.

კორონავირუსის რნმ ვაქცინების მძიმე გვერდითი მოვლენებიდან განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია მიოკარდიტის (გულის კუნთის ანთების) შემთხვევებმა, რომლებიც 300 მილიონზე მეტი ვაქცინირებულიდან 1226-ს გამოუვლინდა, თუმცა ვაქცინასთან კავშირი მხოლოდ 323 შემთხვევაში დადგინდა. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი აღნიშნავს, რომ მიოკარდიტის შემთხვევები ძალიან იშვიათია, კერძოდ 12-17 წლის ასაკობრივ ჯგუფში ყოველი მილიონი ვაქცინირებული ბიჭიდან აღნიშნული გვერდითი ეფექტი შეიძლება გამოუვლინდეს 67 ადამიანს, ხოლო გოგონებში ეს რიცხვი მინიმალურია და 1 მილიონ ვაქცინირებულში მხოლოდ 6 შემთხვევის ალბათობა არსებობს. ამასთანავე, მიოკარდიტის დადასტურებულ შემთხვევათა 79% მსუბუქი ხასიათის იყო და პაციენტების უმრავლესობა მალევე გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაცვალების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

კორონავირუსის ვაქცინის მიღების შემდეგ 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ამ დრომდე გარდაცვალების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამერიკაში, მიჩიგანის შტატში 13 წლის ბიჭი ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან მესამე დღეს გარდაიცვალა. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი გამოძიებას აწარმოებს და გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის. აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბავშვებისთვის ავტორიზებიდან მხოლოდ პირველი კვირის განმავლობაში 600 000-მდე ბავშვი აიცრა.

რაც შეეხება ბავშვებში უშუალოდ კორონავირუსით გამოწვეულ სიკვდილიანობას, მართალია, ეს მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია, მაგრამ იგი ვაქცინით სიკვდილის ალბათობაზე 50-ჯერ ნაკლები არ არის. მცირეწლოვან ბავშვებში და მოზარდებში COVID-19 უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს, თუმცა დაავადების მძიმე ფორმების, მათ შორის მულტისისტემური ანთების სინდრომის, განვითარება ბავშვებშიც შესაძლებელია. ამერიკის პედიატრიის ასოციაციის ანგარიშის მიხედვით, ბავშვები ამერიკაში კორონავირუსით ინფიცირებულთა 14%-ს შეადგენენ, კორონავირუსით გარდაცვლილი 600 000 ამერიკელიდან კი 18 წელზე ნაკლების მხოლოდ 325 იყო. მიუხედავად ამისა, კორონავირუსით სიმპტომურ ან უსიმპტომოდ ინფიცირებას ბავშვების ჯანმრთელობაზე გრძელვადიანი უარყოფითი გავლენა აქვს. ამასთანავე, კორონავირუსის ახალი ვარიანტებით ბავშვების ინფიცირების შემთხვევებს მეცნიერები ჯერკიდევ სწავლობენ და უცნობია, ზუსტად რა გავლენას ახდენენ ისინი ბავშვების ჯანმრთელობაზე.

  • ვაქცინით 5000-ზე მეტი ადამიანის დაღუპვის შესახებ არსებული ცნობები VAERS-ის ბაზას ეყრდნობა და დაუდასტურებელ, არასანდო სტატისტიკას წარმოადგენს. 

ცნობა ვაქცინით გარდაცვლილი 5000-ზე მეტი ადამიანის შესახებ, რომელსაც თინა თოფურიას პოსტსა და naturalhealth365.com-ის სტატიაში ვხვდებით, ვაქცინით სიკვდილიანობის დადასტურებულ სტატისტიკას არაა და იგი  ვაქცინების გვერდითი მოვლენების მონიტორინგის სისტემაში (VAERS) ასახულ გადაუმოწმებელ მონაცემს წარმოადგენს. VAERS-ის ბაზა ვაქცინების გვერდითი ეფექტების მონიტორინგის ინსტრუმენტია, რომელშიც გვერდითი მოვლენის დაფიქსირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, შესაბამისად მასში ასახული მონაცემები ვაქცინების გვერდითი მოვლენების შესახებ სანდო არ არის და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ შესწავლას საჭიროებს.  CDC-ის ცნობით, ვაქცინირებულებში დღემდე შესწავლილი გარდაცვალების შემთხვევებიდან კორონავირუსის ვაქცინასთან შესაძლო პირდაპირი კავშირი გარდაცვალების მხოლოდ 3 შემთხვევას აქვს. სამივე შემთხვევა ზრდასრული ასაკის ვაქცინირებულებში დაფიქსირდა. VAERS-ის ბაზის მონაცემებზე დაყრდნობით ვაქცინების გვერდით მოვლენებზე მანიპულაციური ცნობები “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა:
რა არის VAERS-ის სისტემა და რა ვიცით ამერიკაში ვაქცინაციის პროცესზე?
რა ცნობები ვრცელდება ვაქცინების გვერდითი მოვლენების შესახებ?

ამასთანავე, კომპანია Pfizer-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ იედონი, რომელსაც naturalhealth365.com-ის სტატია ციტირებს, კორონავირუსის და ვაქცინების შესახებ მცდარ და დაუსაბუთებელ ცნობებს ადრეც ავრცელებდა, რის გამოც ანტივაქსერული წრეებში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა. მაიკლ იედონის შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატია:
რა აკავშირებს Pfizer-ის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს კონსპირაციულ ორგანიზაციასთან?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist