სხვადასხვა

თურქეთში ქურთუკის ქურდობის გამო მოკლულ ქართველზე ყალბი ინფორმაცია მესამედ ნანა დევდარიანმა “გააცოცხლა”

18 აპრილი, 2018

გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა 10 აპრილს, ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადაცემაში „ღამის სტუდია“ თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე  8 აპრილს რასისტულ ნიადაგზე მომხდარი ძალადობა სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებულ ძველ დეზინფორმაციას დაუკავშირა, რომლის თანახმად, თურქეთში ქართველი ახალგაზრდა ქურთუკის ქურდობისთვის მოკლეს. დევდარიანის განცხადებით, თურქეთის შემთხვევაში ინციდენტს საქართველოში ისეთივე მწვავე რეაქცია არ მოჰყოლია, როგორც ეს ნიგერიელი სტუდენტების ინციდენტს მოჰყვა, რაც მან ნატოში თურქეთის წევრობას, ასევე ისტორიულ კონტექსტს დაუკავშირა. რესპონდენტმა ნიგერიელთა მიმართ ასევე რასისტული ტერმინი “ზანგი” გამოიყენა.

ნანა დევდარიანი: “ერთ მაგალითს მოვიყვან: მოხდა ინციდენტი და ზანგი სტუდენტი, ზანგიც არ არის ცუდი სიტყვა ისე, მაყურებლის გასაგონად ვამბობ, ზანგ სტუდენტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მოხდა კონფლიქტი. ახლა რა მოჰყვა ამ ამბავს, ხო?... ორი კვირით ადრე, თუ არ ვცდები, ქურთუკის ქურდობისთვის ქართველი ახალგაზრდა მოკლეს თურქეთში. და არავის არ უყვირია, ეს საზიზღარი არატოლერანტი თურქები. იმიტომ, რომ ის ხომ ჩვენი ისტორიული მეგობარია და ამის თქმა არ შეიძლება, თან ნატოს წევრია და ვერ ვიტყვით ამას. თუ ასეთი მიდგომა გვაქვს, ყველაფერში ერთნაირი მიდგომა გვქონდეს.“

ნანა დევდარიანის განცხადება დეზინფორმაციას ეფუძნება, ამასთანავე ის პოლიტიკურ მანიპულაციას ისტორიული ტრავმის გაღვივებითა (“ისტორიული მეგობარი”) და საკითხის ნატოსთან დაუსაბუთებლად დაკავშირებით ახდენს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქეთში ქურთუკის მოპარვის გამო საქართველოს მოქალაქე მოკლეს, ყალბია, რადგან სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე არა საქართველოს მოქალაქის მკვლელობა, არამედ თურქეთის მოქალაქის სუიციდის შემთხვევაა ასახული.

ნანა დევდარიანამდე ხსენებული ყალბი ინფორმაცია მედიით ორჯერ გავრცელდა. სამივე შემთხვევაში ინფორმაციის წყაროები ინციდენტის დროდ 3 განსხვავებულ თარიღს უთითებენ:

  • პირველად ეს  ინფორმაცია ყალბი ფოტოს თანხლებით 2017 წლის 28 ოქტომბერს გავრცელდა, რომლის პირველწყარო „ქართულ მარშთან“ დაკავშირებული პირი ლევან ხიდიშელი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ამტკიცებდა, რომ გამოქვეყნებულ ფოტოზე ის გარდაცვლილი ახალგაზრდა იყო ასახული, რომელიც, მისი მტკიცებით, თურქეთში ქურთუკის ქურდობის გამო ცემით მოკლეს.  პოსტს თან ერთვოდა თურქოფობიული მოწოდებები ჰაშთაგით “თურქეთი ჩვენი მტერია”.
  • ყალბი ინფორმაცია, სათაურით „რამოდენიმე წუთის წინ თურქეთში ქართველი ბიჭი ცემით მოკლეს, იცით ვინ არის? შოკში ვარ…”  და იდენტურ ფოტოთი უკვე 2018 წლის 31 მარტს  პორტალმა Geowebs.ru-მ  “გააცოცხლა”, თუმცა ამჟამად აღნიშნული მასალა გვერდზე ხელმისაწვდომი არ არის.  
  • მესამე შემთხვევაში, 2018 წლის 10 აპრილს  ნანა დევდარიანმა განაცხადა, რომ ინციდენტს 2 კვირის წინ, ანუ 27 მარტს ჰქონდა ადგილი.

აღნიშნული  მასალა თანხმლები ფოტოთი “მითების დეტექტორმა” გასული წლის ოქტომბერში გამოქვეყნებისთანავე გადაამოწმა და დაადგინა, რომ რომ ფოტოზე არა საქართველოს მოქალაქე, არამედ  სინამდვილეში თურქეთის მოქალაქე იყო გამოსახული, რომელიც იმავე ქუჩაზე მდებარე სასტუმრო Ozsa-ს მესამე სართულიდან გადმოხტა.

"

Geowebs.ru რუსულ დომეინზე  2 თვის წინ დარეგისტრირებული ვებ-გვერდია, რომელიც ე.წ Clickbait-ების მეშვეობით რეიტინგის გაზრდას ცდილობს. კლიკების მაქსიმალური რაოდენობის დასაგროვებლად, ამ ტიპის ვებ-გვერდები მყვირალა სათაურებს და ყალბ ახალ ამბებს ავრცელებენ. გვერდი მხოლოდ 1 წლით არის დარეგისტრირებული, რაც Scamadviser-ის თანახმად, თაღლითური საიტების მოქმედებისთვისაა დამახასიათებელი.

ტერმინ “ზანგის” ნეგატიური კონტექსტი

ქართული ტერმინი “ზანგი” ტერმინის “negro” შესატყვისია. “Negro” ესპანური და პორტუგალიური ენიდან ინგლისურ ენაში მე-16 საუკუნეში დამკვიდრდა და მომდევნო 3 საუკუნე შავკანიანთა მოხსენიების სტანდარტად მიიჩნეოდა. 1960-იან წლებში აშშ-ში მოძრაობა “Black Power”-ის სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის შედეგად, ტერმინი “negro” საჯარო სივრცეებსა და საგანმანათლებლო სისტემაში “შავკანიანმა” ჩაანაცვლა. დღეს “negro” და შესაბამისი ქართული ტერმინი “ზანგი” მოძველებულ და დისკრიმინაციულ ტერმინად მიიჩნევა.