ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

უკავშირდება თუ არა გრიპზე და პნევმოკოკზე აცრა იტალიასა და ესპანეთში ხანდაზმულთა გარდაცვალებას?

27 აგვისტო, 2020

3 აგვისტოს ტვ ობიექტივის გადაცემაში ‘’ღამის სტუდია’’, გადაცემის წამყვან ნინო რატიშვილს სტუმრად ჰყავდა მოწვეული ჰომეოპათი თინათინ თოფურია, რომელმაც პანდემიის პერიოდში იტალიასა და ესპანეთში გარდაცვლილი ხანდაზმული ადამიანების შესახებ ისაუბრა. მისი მტკიცებით, მოხუცებულთა თავშესაფარში დაიღუპნენ ის ადამიანები, რომლებიც აცრილები იყვნენ გრიპზე და პნევმოკოკზე. თოფურიამ ასევე განაცხადა, რომ თავშესაფარებში მცხოვრები ხანდაზმულების გარდაცვალების მიზეზი იყო არა კოვიდ 19, არამედ სხვა ვირუსები.

1. სტატისტიკა, თითქოს ესპანეთში ის ხალხი იხოცება, ვინც გრიპზე და პნევმოკოკზეა აცრილი, ხელმისაწვდომი არ არის, ამდენად თინა თოფურიას განცხადება მტკიცებულებების გარეშეა და სანდოდ ვერ ჩაითვლება. 2.  განცხადება, თითქოს იტალიაში მოხუცებს ჩვეულებრივი ვირუსი შეხვდათ, თუმცა მათი გარდაცვალება კოვიდ 19-ს მიაწერეს, დეზინფორმაციაა, რადგან სტატისტიკური მონაცემები საპირისპიროს ამტკიცებს.

1.მტკიცებულებების გარეშე: იტალიასა და ესპანეთში იხოცება ის ხალხი, ვინც გრიპზე და პნევმოკოკზე იყო აცრილი

მსგავსი სტატისტიკა, თითქოს გარდაცვლილებს შეადგენდნენ ისინი, ვინც გრიპზე და პნევმოკოკზე იყო აცრილი, არ იძებნება. მტკიცებულებების გარეშე გავრცელებული ეს ცნობა მიზნად ისახავს ანტივაქსერული განწყობების დათესვას. “ღამის სტუდიის” რესპონდენტი თინა თოფურია წყაროდ მხოლოდ თავის პირად კონტაქტებს ასახელებს, რაც სარწმუნოდ ვერ ჩაითვლება.

გარდა იმისა, რომ გრიპზე და პნევმოკოკზე ჩატარებული ვაქცინაცია არ არის კავშირში 2020 წელს მოხუცებულთა თავშესაფრებში გარდაცვლილი ხანდაზმულების რაოდენობის ზრდასთან, ვაქცინაცია მიჩნეულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ჩარევად სეზონური გრიპის და მისგან გამოწვეული გართულებების შესამცირებლად. კვლევებით დასტურდება, რომ ასაკის მატებასთან იმუნიტეტი სუსტდება, რაც, ფაქტობრივად, ზრდის სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკს, როგორიცაა პნევმონია, სირსველი და ა.შ. ვაქცინა კი, რეალურად, აძლიერებს ორგანიზმს და ამცირებს არაერთი დაავადების გამოვლენის შანსს. 2008 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ამერიკაში, სხვა მოხუცებთან შედარებით, გრიპზე (ინფლუენსა) ვაქცინირებულ მოხუცებში კარდიოვასკულური და ცერებროვასკულური დაავადების განვითარების რისკი 20%-ით ნაკლები იყო, ხოლო სიკვდილიანობა - 50%-ით. ასევე, იტალიაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც კონკრეტულად პნევმოკოკის ვაქცინას ეხებოდა, გამოიკვეთა, რომ ვაქცინა მოხუცებში პნევმონიით გამოწვეული მაღალი სიკვდილიანობის შემცირებას უზრუნველყოფს. შესაბამისად გრიპის და პნევმოკოკის აცრები კოვიდ 19-ით სიკვდილიანობის გამომწვევი ვერ იქნება, თუმცა ისინი ადამიანებს კოვიდ 19-სგან ვერ იცავს.

დეზინფორმაცია N2: იტალიაში მოხუცებს ჩვეულებრივი ვირუსი შეხვდათ, თუმცა მათი გარდაცვალება კოვიდ 19-ს მიაწერეს

რესპოდენტის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ იტალიაში მცხოვრებ ხანდაზმულებს შეხვდათ ჩვეულებრივი ვირუსი, მაგრამ ამის მიუხედავად გარდაცვალების მიზეზად კოვიდ 19 იყო მიჩნეული, კონსპირაციაა და სოციალურ ქსელებში მას შემდეგ გავრცელდა, რაც იტალიელმა პოლიტიკოსმა ვიტორიო სგარბიმ 24 აპრილს განაცხადა, რომ დაღუპულთა 96.3% არა კოვიდ 19-ით, არამედ სხვა ვირუსებით გარდაიცვალა. იტალიელი პოლიტიკოსი მიუთითებდა ჯანმრთელობის უმაღლესი ინსტიტუტის ანგარიშზე, რომელიც რეალურად მსგავს რამეს არ ამტკიცებს. კვლევა ეყრდნობა 21 551 ნიმუშს, რომელსაც კოვიდინფიცირებული გარდაცვლილი ადამიანები წარმოადგენენ და ასახავს სხვა თანმდევ დაავადებებს, რომლებიც გარდაცვლილ პაციენტებს ასევე აღენიშნებოდათ. როგორც ანგარიშშია მითითებული, დამატებით სხვა დაავადება მხოლოდ 3.7%-ს არ აღენიშნებოდა. ეს ნიშნავს, რომ 96.3%-ს, ვისაც კოვიდ 19 დაუდასტურდა და შემდეგ გარდაიცვალა, ასევე მინიმუმ ერთი სხვა დაავადებაც ჰქონდა. ეს შედეგები არ მიუთითებს იმაზე, რომ მათი სიკვდილის მიზეზი კორონავირუსი არ გამხდარა.

გარდა ამისა, იტალიაში სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის პრეზიდენტმა ჯან კარლო ბლანჯარდომ განაცხადა, რომ იტალიაში გარდაცვლილების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია და 2020 წლის მარტში 49%-ით მაღალი იყო, ვიდრე 2019 წლის მარტში. ეს მონაცემები კი კიდევ ერთი კონტრარგუმენტია იმისა, რომ გაზრდილ სიკვდილიანობას შესაძლოა ახალი კორონავირუსი კი არა, ძველი დაავადებები იწვევდეს.

რაც შეეხება მოხუცებულთა თავშესაფრებში გარდაცვლილების ოფიციალურ სტატისტიკას, იტალიის ჯანდაცვის უმაღლესმა ინსტიტუტმა დაადგინა, რომ 17 თებერვლიდან 17 აპრილამდე ყველა მოხუცებულთა თავშესაფარში 6,773 ადამიანი გარდაიცვალა, რომელთა 40% კოვიდ 19-მა გამოიწვია.

დასაზუსტებლად ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ესპანეთში იყო შემთხვევები, როდესაც პაციენტი თავშესაფარში არ ყოფილა კოვიდ 19-ზე შემოწმებული, თუმცა მას ამ ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები გააჩნდა და თავშესაფრებმა აღნიშნული შემთხვევებიც კოვიდ 19-თან ერთად აღრიცხა, თუმცა ისინი ქვეყნის საბოლოო სტატისტიკაში არ შეუყვანიათ. ეს პროცესი და ასევე მონაცემებიც სრულიად გამჭვირვალეა. ესპანეთში რეგიონალური მთავრობების მიერ მოწოდებული 2020 წლის 10 მაისის მონაცემების მიხედვით, მზრუნველობამოკლებულ სახლებში სულ 16,678 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ქვეყნის მასშტაბით კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა 52.3%-ია. იმ შემთხვევაში, თუ არ გავითვალისწინებთ გარდაცვლილებს, რომლებსაც ტესტირების საშუალებით კოვიდ 19 არ დაუდასტურდა, თავშესაფრებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 9,642-ით მცირდება. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად ესპანეთში კოვიდ 19-ის სიკვდილიანობის მონაცემები მხოლოდ იმ შემთხვევების საფუძველზეა დათვლილი, რომელთაც ტესტირების საშუალებით კორონავირუსი დაუდასტურდათ.

წყაროს შესახებ

თინა თოფურია კოვიდ 19-ისა და ვაქცინაციის შესახებ ყალბ ამბებს ადრეც ავრცელებდა, როგორც საკუთარი ფეისბუქ გვერდის, ისე ტელევიზიის საშუალებით. ის ტვ “ობიექტივის” ეთერში 11 ივნისსაც იყო მიწვეული, სადაც ამტკიცებდა, თითქოს საქართველოს საცდელი ვაქცინების პოლიგონად გამოიყენებდნენ.

მოამზადა მზიური ჭაღოშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია