პოლიტიკა

ვინ აფასებს კურიოზულად აშშ-ის ელჩის განცხადებას არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე და რას ამტკიცებს წარსული გამოცდილება?

14 ივლისი, 2020

1 ივლისს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ონლაინკონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ საქართველო კრემლის დეზინფორმაციის სამიზნეა და შესაძლოა რუსეთს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობა ჰქონდეს. დეგნანის თქმით, არჩევნებში რუსეთი ჩარევის ალბათობას კიდევ უფრო ზრდის ის ფაქტი, რომ საქართველო პროპორციული სისტემისკენ მიიწევს

აღნიშნულ განცხადებას პრორუსული აქტორებისა და მედიის მხრიდან ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა: 8 ივლისს ონლაინ გამოცემა “საქართველო და მსოფლიოსთან” ინტერვიუში პარტია “ქართული იდეის” ლიდერმა ლევან ჩაჩუამ აღნიშნა, რომ დეგნანის ეს განცხადება დასავლეთის კოლონიური პოლიტიკის გაგრძელებაა და რეალურად მას არ სურს საქართველოში კონსერვატიული ძალის ჩამოყალიბება, რომელიც “ლიბერალურ დიქტატურას” შეეწინააღმდეგება. “საქინფორმის” რედაქციამ კი 6 ივლისის სტატიაში დეგნანის განცხადებებას საქართველოს არჩევნებზე გავლენასთან დაკავშირებით კურიოზული უწოდა. აღნიშნულ თემას გამოეხმაურა ტვ ობიექტივის წამყვანი ნინო რატიშვილიც, რომელმაც 2 ივლისს გადაცემა “ღამის სტუდიის” ეთერში განაცხადა, რომ არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე საუბარი ელჩის საქმე არ არის და პოლიტიკური მხარეები თადარიგს იჭერენ, რათა არასასურველი შედეგების შემთხვევაში რუსეთს საპარლამენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა დააბრალონ.

ლევან ჩაჩუა: “გავლენიანი დასავლური მმართველი ელიტა განაგრძობს კოლონიური პოლიტიკის განხორციელებას ჩვენისთანა პატარა ქვეყნებში, არ წყვეტს უხეშ ზეწოლას მის მიერვე ხელდასხმულ “მეოცნებე” ხელისუფლებაზე და ქვეყნის პოლიტიკურ ასპარეზზე არ ტოვებს მინიმალურ სივრცესაც კი ეროვნული ძალებისთვის. რაც შეეხება დეგნანის კონკრეტულ განცხადებას, ეს, რა თქმა უნდა, არის გაგრძელება იმ დასავლური მიდგომებისა, რომლებსაც თავის დროზე ასაჯაროვებდნენ კლინტონები, ბაიდენები და მათი ყაიდის პოლიტიკური მენტორები. მეტიც, ეს არის ერთგვარი გაფრთხილება და ხელისუფლებისთვის წინასაარჩევნოდ ინსტრუქციის მიცემა, რომ არაფრის დიდებით არ დაუშვას ქვეყანაში ისეთი ძალის ჩამოყალიბება, რომელიც დასავლური “ლიბერალური” დიქტატურის იდეოლოგიურ კონტროლს მიღმა იქნება.”

საქინფორმი: საქართველოში აშშ-ის ელჩი, რომელიც მიჩვეული არ არის დეტალებისთვის ყუარდღების მიქცევას, როგორც ამერიკელ ჩინოვნიკთა უმრავლესობა, მოქმედებს დედლაინის შესაბამისად და კიდევ კარგი, რომ საქართველოს მოსახლეობა არავითარ ყურადღებას არ აქცევს მის კურიოზულ განცხადებებს. სხვაგვარად, თუ არა სიცილი, სხვა რა შეიძ₾ება გამოიწვიოს მისმა დასკვნებმა საქართველოში „რუსული პროპაგანდისტული მანქანის შესახებ“, როცა რუსეთმა, ზოგიერთი არხეინი რუსი კორუმპირებული ჩინოვნიკის წყალობით, ხელი შეუწყო საქართველოში რუსული ენის მთლიანად დავიწყებასა და რუსულენოვანი მედიის დახურვას?! საქართველოს არჩევნებზე რა გავლენის შესახებ არის საუბარი, როცა ოფიციალური მოსკოვის მიერ ბოლო ათი წლის განმავლობაში ნაფერები ნინო ბურჯანაშვილი კი დღეს კვლავ სააკაშვილის „მარჯვენა ხელი“ და ნატოს შევარდენია?! “

ნინო რატიშვილი: „აი, ხო არი საუბარი საქართველო დამოუკიდებელი, რუსეთი დამპყრობელია, კი ბატონო მაგრამ, აი, რა მაინტერესებს, როდესაც ელჩები სხედან და საუბრობენ, რომ ეხლა იცით რაა, რუსეთი ალბათ ჩაერევა თქვენს არჩევნებში, ეს ეხლა ელჩის საქმეა?!... ყველა პოლიტიკური მხარე გამონაკლისების გარდა და რა თქმა უნდა პატრიოტთა ალიანსის გარდა, ისინი რას ამბობენ იცით, რომ როგორც კი არჩევნები მოხდება, ისე დალაგდება როგორც მათ არ აწყობთ, რა თქმა უნდა დააბრალებენ რუსეთს, ანუ თადბარიგის დაჭერა მიდის ახლა…”

“მითების დეტექტორი” გთავაზობთ მიმოხილვას თუ როდის და რა გზით სცადა რუსეთმა აშშ-სა და ევროპის ქვეყნების არჩევნებში ჩარევა.

აშშ

რუსეთის მხრიდან სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევის ფაქტები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ხშირად იჩენს თავს. ამ მხრივ ერთ-ერთი გახმაურებული შემთხვევა 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები იყო. აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა დაადგინეს,  რომ რუსეთმა აშშ-ის არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენისთვის მიზნად დაისახა ამერიკული დემოკრატიის მიმართ უნდობლობის გაღვივება, ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიისათვის ზიანის მიყენება და გამარჯვებისთვის დონალდ ტრამპის შანსების გაზრდა. აღნიშნული დადასტურდა, აგრეთვე, იმ მასალებზე დაყრდნობით, რომლებიც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სპეციალურმა მრჩეველმა, რობერტ მიულერმა მოიპოვა.  მოგვიანებით, 2017 წლის იანვარში გამოქვეყნდა სადაზვერვო სამსახურების მიერ გამოცემული დეკლასიფიცირებული ანგარიში, რომელიც დეტალურად აღწერს აშშ-ის არჩევნებში ზეგავლენის მოხდენის მიზნით განხორციელებულ რუსულ ქმედებებს. 2016 წლის არჩევნების მიმდინარეობისას რუსულმა ჯგუფებმა განახორციელეს შემდეგი მოქმედებები: შეაღწიეს და შეისწავლეს სახელმწიფო ამომრჩეველთა ბაზები, გრუ-ს ოფიცრებმა დაჰაკეს როგორც ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო კამპანიისთვის მომუშავე თანამშრომელთა იმეილები, ასევე დემოკრატიული კონგრესის კამპანიის კომიტეტისა და დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის კომპიუტერული ქსელი; გამომდინარე იქიდან, რომ კლინტონი არ ყოფილა ტრამპის ერთადერთი ოპონენტი, რუსეთის ჩარევა შეეხო სენატორ მარკო რუბიოსაც, კიბერშეტევა, თუმცა ნაკლებად წარმატებული, განხორციელდა სენატორის საპრეზიდენტო კამპანიისა და რესპუბლიკელთა ეროვნული კომიტეტის წინააღმდეგაც. 

რუსეთის ქმედებეს შორის იყო სოციალური მედიის კამპანიაც, რომლის უკანაც იდგა “ინტერნეტ კვლევის სააგენტო” ცნობილი როგორც პეტერბურგის “ტროლების ქარხანა”. პროპაგანდისტული კამპანიის ფარგლებში იქმნებოდა ყალბი ანგარიშები, რომელთა კონტენტიც ამერიკელ ამომრჩევლებზე იყო მიმართული. ჰილარი კლინტონის კრიტიკის გარდა ტროლები ავრცელებდნენ ისეთი შინაარსის პოსტებს, რომლებიც შეიცავდა საკამათო თემებს იარაღის კონტროლზე, მოძრაობა Black Lives Matter-ზე, იმიგრაციაზე და სხვა. ისინი მსგავსი საკითხების წინ წამოწევით საზოგადოების გახლეჩვას უწყობდნენ ხელს. ამასთანავე, რუსეთის ტროლები სოციალურ ქსელებსაც გასცდნენ და ნიუ იორკში, ჩრდილოეთ კაროლინაში ფლორიდასა და პენსილვანიაში დადგმული აქციები მოაწყვეს. მიულერის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ რუსეთის აქტორები პოზიციონირებდნენ, როგორც ამერიკელი აქტივისტები და უმეტესად ტრამპის მხარდამჭერ აქციებს აორგანიზებდნენ, თუმცა იყო მისი საპრეზიდენტო კანდიდატურის საწინააღმდეგო დემონსტრაციებიც. მაგალითისთვის, 2016 წლის ივნისში რუსებმა შექმნეს ჯგუფი სახელად “ამერიკის გაერთიანებული მუსლიმები”, რისი მეშვეობითაც ვაშინგტონში აქცია დააანონსეს. აქციის ლოზუნგი იყო “მხარი დაუჭირე ჰილარის. გადაარჩინე ამერიკელი მუსლიმები”. მათ დაიქირავეს აშშ-ის მოქალაქე, რომელსაც დააჭერინეს კლინტონის პლაკატი ციტატით “ვფიქრობ შარიათი იქნება თავისუფლების ახალი ძლიერი მიმართულება”.

შვედეთი

ლონდონის ეკონომიკის სკოლამ (LSE) და სტრატეგიული დიალოგის ინსტიტუტმა (ISD) გამოაქვეყნეს ანგარიში შვედეთის არჩევნებში საერთაშორისო გავლენის კამპანიების შესახებ. ანგარიშში აღნიშნავენ, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიც რუსეთია, ცდილობენ ანტი-საიმიგრაციო და ნაციონალისტურ პარტიებს მხარი დაუჭირონ და საზოგადოებრივ აზრზე გავლენა მოახდინონ. ულტრა-მემარჯვენე და რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული მედია შვედეთის საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანებას ცდილობდა როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების შემდგომ პერიოდში. 

რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული მედია საშუალებები, როგორებიცაა Russia Today და Sputnik, მხარს უჭერდნენ ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებს შვედეთში. ანგარიშის ავტორებმა შეისწავლეს წინასაარჩევნო პერიოდში კრემლისტური მედიის და სოციალური ქსელების აქტივობები, რომლებიც ცდილობდნენ შვედეთი „წარუმატებელ ქვეყნად“ წარმოეჩინათ. Russia Today-მა და Sputnik-მა 2018 წლის 16 ივლისიდან 8 სექტემბრამდე პერიოდში შვედეთზე 520 ამბავი გამოაქვეყნეს, რასაც არჩევნებამდე ბოლო ორი კვირის განმავლობაში განსაკუთრებით აქტიური ხასიათი ჰქონდა.

Russia Today-ის (ინგლისური, რუსული, ფრანგული და გერმანული ვებგვერდების) მონიტორინგმა აჩვენა, რომ საკვლევი პერიოდის განმავლობაში ისეთი პოლიტიკური პარტიები, როგორებიცაა Pirate Party, ულტრამემარჯვენე SD და AfS ფართოდ იყვნენ გაშუქებულნი. ისინი წარმოჩენილნი იყვნენ ნეიტრალურად ან პოზიტიურად. ამისგან განსხვავებით, შვედეთის პოლიცია, მთავრობა და ევროკავშირი ძირითადად ნეგატიურად ან ნეიტრალურად იყვნენ წარმოჩენილები. აღნიშნულმა მედია საშუალებებმა ძირითადი ფოკუსირება მოახდინეს შვედეთის საიმიგრაციო პოლიტიკის კრიტიკაზე და კავშირზე შვედეთში გაზრდილი დანაშაულის მაჩვენებელსა და მიგრანტებს შორის. სხვა თემები ეხებოდა შვედეთის ინტეგრაციის წარუმატებელ პოლიტიკას, ქვეყნის მუსლიმ თემს, როგორც ეროვნული და ევროკავშირის უსაფრთხოების პოტენციურ გამოწვევას, ჟულიან ასანჟს, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს, ნავთოგაზისა და გაზპრომის დავას და ა.შ. 

ანგარიშში ასევე იყო აღნიშნული, რომ პრორუსული Twitter ანგარიშები, რომლებიც ადრე ტრამპსა და მარინ ლე პენს მხარს უჭერდნენ, ამჯერად მხარს უჭერდნენ ულტრა-მემარჯვენე ოპოზიციურ პარტია AfS-ს. ასევე გამოაშკარავდა პროკრემლისტური მედია თავისი ნიშური ბლოგებით, როგორიცაა NewsVoice.se, სადაც ანტიდასავლური, პროკრემლისტური პროპაგანდა, კონსპირაციული თეორიები და ნატოს წინააღმდეგ მიმართული მედია მასალები ვრცელდება.

დიდი ბრიტანეთი

ბრიტანულ პოლიტიკაში რუსეთის ჩარევის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებას ახალი დაზვერვისა და უსაფრთხოების კომიტეტეტის ფორმირების შემდეგ ელოდებიან. პრემიერი ბორის ჯონსონი 50-გვერდიანი ანგარიშის გამოქვეყნების გადავადების გამო ოპოზიციის კრიტიკის ობიექტი გახდა. აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის დაზვერვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა თავის წლიურ ანგარიშში (2016-2017) ახსენა აშშ-ის სადაზვერვო უწყების მიერ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შეფასება და რუსეთის შესაძლო ჩარევა ბრექსიტის რეფერენდუმში.

კომიტეტი ინფორმირებული იყო იმის შესახებ, რომ კონსერვატიულმა პარტიამ მიიღო დაფინანსება ბრიტანეთში მცხოვრები ემიგრანტებისგან, რომლებიც მსხვილ შემოწირულობებს აკეთებდნენ. ცნობილია შემთხვევა, როდესაც რუსეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრის მოადგილის ცოლმა ლიუბოვ ჩერნუხინამ 160 ათასი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა ჯონსონსა და დევიდ კემერონთან ჩოგბურთის სათამაშოდ. აღნიშნული მატჩი იყო კონსერვატიული პარტიისთვის შემოწირულობის ფორმა. როგორც Neweasterneurope წერს, ჩერნუხინა არის უმსხვილესი ქალი-დონორი ბრიტანეთის პოლიტიკურ ისტორიაში. ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის წევრები ამტკიცებენ, რომ ანგარიში შეიძლება შეიცავდეს  ჯონსონის კონსერვატიულ პარტიასა და რუს მილიარდერებს შორის კავშირების მტკიცებულებებს.

როგორც Neweasterneurope.eu აღნიშნავს საზოგადოებრივ აზრზე ინტერნეტის მეშვეობით გავლენის მოხდენის მცდელობები კრემლის ცნობილი ტაქტიკაა. Twitter-ის თანახმად, 2016 წელს შეიქმნა 3,613 რუსული ანგარიში, რომლებიც განსაკუთრებით გააქტიურნენ ბრექსიტის რეფერენდუმის დღეს, 23 ივნისს. აღნიშნული ანგარიშები, რომლებსაც რუსული წარმოშობა აქვთ, უკავშირდებიან ორგანიზაციას, რომელიც ცნობილია როგორც „ინტერნეტ კვლევების სააგენტო“.  ე.წ. პეტერბურგის “ტროლების ქარხანაზე” აშშ-ის სადაზვერვო ანგარიშში აღნიშნულია, რომ იგი სავარაუდოდ დაფინანსებულია პუტინის ახლო მოკავშირის მიერ.

საფრანგეთი

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის თანახმად, 2017 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები არის ნათელი მაგალითი გარეშე აქტორის მიერ არჩევნებზე გავლენის მოხდენის წარუმატებელი მცდელობისა. ემანუელ მაკრონის წინააღმდეგ მიმართულმა რუსულმა კამპანიამ წარუმატებლობა განიცადა როგორც არჩევნებში ჩარევის, ასევე ფრანგული საზოგადოების ანტაგონიზების მოხდენის მხრივ. მეორე ტურამდე ორი დღით ადრე დაიჰაკა და ონლაინ განთავსდა დიდი რაოდენობით ინფორმაცია ემანუელ მაკრონის საპრეზiდენტო კამპანიiდან. მის გაჟონვაში გამოყენებული იყო როგორც რეალური, ასევე ყალბი იმეილები.

ჩარევის წარუმატებლობა ნაწილობრივ განპირობებული იყო Facebook-ის მიერ არჩევნებამდე ათი დღით ადრე საფრანგეთში 70 000 ყალბი ანგარიშის გამოვლენითა და დაბლოკვით, რამდენადაც ციფრული პლატფორმები წარმოადგენს მნიშვნელოვან საშუალებას დეზინფორმაციის გასავრცელებლად. გარდა ამისა, 2017 წელს 27 აპრილიდან მედია საშუალება RT-მა და Sputnik-მა ვერ მოიპოვეს აკრედიტაცია მაკრონის გუნდის მხრიდან, რათა გაეშუქებინათ მისი კამპანიის დარჩენილი ნაწილი. 

რუსეთის სახელისუფლებო მედია ღიად მხარს უჭერდა მაკრონის ოპონენტს, ულტრა-მემარჯვენე მარინ ლე პენს, რომელსაც რუსული ბანკებისგან სესხები ჰქონდა აღებული და აქებდა ქვეყნის პრეზიდენტს.

გერმანია

გერმანიის 2017 წლის ფედერალური არჩევნების პერიოდში რუსეთი ასევე ავრცელებდა დეზინფორმაციას. რუსელი ნარატივები მოიცავდა მიგრანტების საკითხის გამო გერმანიის ხელისუფლების კრიტიკას. გერმანიის არჩევნებზე რუსეთის გავლენა ხორციელდებოდა კრემლისტური გერმანულენოვანი მედია საშუალებების (Sputnik და RT) მეშვეობით, რომლებიც ანტისაიმიგრაციო თემებზე ულტრამემარჯვენე AfD პარტიის სასარგებლოდ ინფორმაციას ავრცელებდნენ. ასევე აღსანიშნავია საარჩევნო პერიოდში სოციალურ ქსელებში ბოტების გააქტიურება. საზოგადოებრივ აზრზე გავლენის საშუალებებს შორის იყო სოციალური ქსელები, როგორებიცაა „Odnoklassniki“, „Vkontakte“, Twitter, Facebook, Youtube.  

ლონდონის ეკონომიკის სკოლის (LSE) და სტრატეგიული დიალოგის ინსტიტუტის (ISD) ანგარიშის თანახმად, კრემლის მიერ დაფინანსებული მედია საშუალებები, როგორებიცაა Russia Today (RT) და Sputnik-ი ორიენტირებულები იყვნენ ანტი-NATO და ანტიდასავლური განწყობების მქონე ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე მკითხველებსა და რუსულ-გერმანულ დიასპორაზე. აღნიშნული მედია საშუალებები AfD პარტიას ძირითად პარტიად წარმოაჩენდნენ და არ ახსენებდნენ, რომ მას მოსახლეობის უმცირესობა უჭერდა მხარს. რუსულენოვანი მედია, რომელიც რუსული წარმოშობის გერმანელებისთვის ინფორმაციის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს, გერმანიის მთავრობასა და ევროკავშირს მუდმივად აკრიტიკებდა.  

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება კრემლის მხრიდან AfD-ის ფინანსური მხარდაჭერისა, ამ პარტიის ბევრ პოლიტიკოსს რუსეთთან მჭიდრო კავშირი აქვს და მათი შეხედულებები ხშირად რუსეთის ნაციონალისტურ შეხედულებებს ემთხვევა. რაც მთავარია, პარტია AfD თავიდანვე მხარს უჭერდა ყირიმში რუსეთის ქმედებებს.


მოამზადეს ლუსინე პიჩიკიანმა და მაიკო რატიანმა