პოლიტიკა

ვინ არიან ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასული გერმანელი პოლიტიკოსები?

2 სექტემბერი, 2019

2019 წლის 25 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელსაც გერმანელი პოლიტიკოსები, პარტიის “ალტერნატივა გერმანიისთვის” წევრები,  გუნარ ლინდემანი და შტეფან კოიტერი აკვირდებოდნენ. 

ქართულმა ულტრა-ნაციონალისტურმა Facebook გვერდმა “აზიმუტი” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 26 აგვისტოს მოუწოდა, რომ გერმანიის წინააღდმეგ საპროტესტო ნოტა გაეგზავნათ, რაც ქმნიდა ისეთ განწყობას, თითქოს გერმანელი პოლიტიკოსები სახელმწიფოს მიერ იყვნენ გამოგზავნილნი. 

"

ე.წ. არჩევნებზე გერმანელი პოლიტიკოსების დაკვირვებას გამოეხმაურა სპუტნიკ-აფხაზიაც, რომელმაც 26 აგვისტოს რუსი პოლიტიკის ექსპერტის არმენ გასპარიანის სტატია გამოაქვეყნა, სადაც ის აღნიშნავდა, რომ მსგავსი ვიზიტები სხვადასხვა ქვეყნებიდან აფხაზეთის აღიარებაზე მეტყველებდა.

"

”გასპარიანი: არჩევნებზე ჩინეთიდან და გერმანიიდან დამკვირვებლების ყოფნა აფხაზეთის აღიარებაზე მეტყველებს”

გამოქვეყნებული მასალები მანიპულაციურია, რადგან გერმანელი პოლიტიკოსების ლუნდემანისა და კოიტერის ვიზიტი მათი ინდივიდუალური გადაწყვეტილებით მოხდა და არა სახელმწიფოს დაკვეთით, შესაბამისად, ინდივიდუალური ქმედების გერმანიის მხრიდან აფხაზეთის აღიარებად აღქმა  არასწორი და მანიპულაციურია. აფხაზეთში ჩასული დეპუტატები კი ოკუპირებული ყირიმის და კრემლის პოზიციების მხარდაჭერით, ასევე ულტრანაციონალისტული შეხედულებებით არიან ცნობილი.

გერმანიის ოფიციალური პოზიცია

გერმანიის წარმომადგენლობა საქართველოში მომხდარს მაშინვე გამოეხმაურა. თბილისში გერმანიის საელჩოს განცხადებით, ისინი არაკანონიერად ცნობენ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე. წ. არჩევნებსა და მის შედეგებს. რაც შეეხება იქ დამსწრე გერმანელ პოლიტიკოსებს, საელჩოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ მათი (პოლიტიკოსების) პირადი სურვილი იყო და გერმანიის სახელმწიფო ამაში არანაირ მონაწილეობას არ იღებდა, ეს არ იყო სამთავრობო დაკვეთა:

„თუ ბატონი ლინდემანი და ბატონი კოიტერი გაემგზავრნენ აფხაზეთში, მათ ეს საკუთარი კერძო ინიციატივით გააკეთეს და ამისათვის არ მიუღიათ გერმანიის მთავრობის არანაირი ოფიციალური დავალება. გერმანია არ აღიარებს აფხაზეთში ე.წ. არჩევნებს და არ აგზავნის იქ დამკვირვებლებს. გერმანია ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამას მომავალშიც გააკეთებს.“

"

მითების დეტექტორი გთავაზობთ ინფორმაციას იმ დეპუტატების შესახებ, რომლებიც არა მხოლოდ აფხაზეთის, არამედ რუსეთის მიერ ოკუპირებული სხვა რეგიონების მხარდაჭერითაც არიან ცნობილი.

გუნარ ლინდემანი

გერმანელი პოლიტიკოსი და ბერლინის რეგიონული პარლამენტის დეპუტატი პარტიიდან “ალტერნატივა გერმანიისთვის”. ის შემჩნეულია მრავალ ქსენოფობიურ და ანტისემიტურ განცხადებაში. გამოცემა “ტაც-მა” ლინდემანი მისი განცხადებების გამო მემარჯვენე-ულტრანაციონალისტურ სპექტრს დაუკავშირა.

ლინდემანმა რუსეთისა და სირიის ჯარების მიერ ალეპოს დაკავება “გათავისუფლებად” შეაფასა, შემდგომში მან ტვიტერზე განთავსებული პოსტი წაშალა და თქვა, რომ ეს სპონტანური შეფასება იყო.

"

“ალეპო გათავისუფლებულია. გილოცავთ. ახლა შეუძლია ყველა სირიელ ლტოლვილს უკან დაბრუნდეს და თავიდან ააშენოს სამშობლო”

2019 წლის 25 თებერვალს ლინდემანი ე. წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკას ეწვია, სადაც განაცხადა, რომ საერთაშორისო ტრიბუნალს პრეზიდენტი პოროშენკო დონბასში საბრძოლო დანაშაულებების გამო უნდა დაესაჯა.

ციტატა: ”მე ჩავედი ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში, რათა გავეცნო ვითარებას, რადგან უკრაინაში არჩევნები დღის წესრიგშია და ამიტომ ფრონტის ხაზზე ვითარება ყოველდღიურად უარესდება - უკრაინის მიერ განხორციელებული თავდასხმების რაოდენობა გაიზარდა”

ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სახელმწიფოს მხარდაჭერას გუნარ ლინდემანი 2019 წლამდეც გამოხატავდა. უკრაინის პარლამენტის წევრ დიმიტრი ტიმჩუკის ცნობით, ლინდემანმა 2018 წლის ზაფხულში სეპარატისტებს (ე. წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრს)  ლუდის ფესტივალის “Oktoberfest” ჩატარება დონეცკში შესთავაზა.

ლინდემანი მიიჩნევს, რომ ევროპამ ხალხის აზრს უნდა მოუსმინოს, სცნოს ყირიმის რეფერენდუმის შედეგები და შესაბამისად რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოხსნას. 

ციტატა: “ალტერნატივა გერმანიისთვის კატეგორიულად ეწინააღმდეგება ყირიმისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, ისინირაც შეიძლება მალე უნდა მოხსნას . ყირიმელებმა მონაწილეობა მიიღეს რეფერენდუმში. ჩვენ ვეთანხმებით იმ ფაქტს, რომ ხალხს შეუძლია მიიღოს ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ყირიმში გადაწყვიტეს უკრაინისგან გამოყოფა და რუსეთის ფედერაციის ნაწილად ყოფნა. ჩემი აზრით, ეს ხალხის დემოკრატიული არჩევანია და ჩვენ უნდა პატივს ვცემთ მის შედეგს”

"
გუნარ ლინდემანი

რუსეთის მხარდაჭერაში პოლიტიკოსი ლინდემანი სხვა საქმეებშიც არის შემჩნეული. 2019 წლის ივნისის თვეში ლინდემანმა განაცხადა, რომ მოსკოვს მადლობა უნდა გადაუხადონ იმ მოთმინებისთვის, რომელსაც დასავლეთ ევროპის რუსოფობიური პოლიტიკის ფონზე იჩენს. მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ფინეთში გამართულ კონფერენციაზე გერმანიის პრეზიდენტმა მოსკოვთან უფრო დისტანციურ ურთიერთობას რეკომენდაცია გაუწია.

ციტატა: “პრეზიდენტს ჯერ კიდევ ვერ გაუანალიზებია, რომ რუსეთი და ევროპა ერთია”

შტეფან კოიტერი

გუნარ ლინდემანის მსგავსად შტეფან კოიტერიც გერმანიის ულტრა-ნაციონალისტური პარტიის “ალტერნატივა გერმანიისთვის” წევრია 2013 წლიდან. ის შემჩნეულია ნაცისტურ იდეოლოგიასთან სიახლოვეში. 2018 წელს “შტერნისა” და “კორექტივის” კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ჰელოუნის დროს შტეფან კოიტერმა გაგზავნა ფოტო Whatsapp-ში ჰიტლერის გამოსახულებით, რომელსაც ეწერა “გამარჯობა ვენა!” (Halo Wien). ამას შემდგომში ასევე მოჰყვა სხვადასხვა ფოტოები სვასტიკისა და ვერმახტის ჯარისკაცების გამოსახულებით

ერთ-ერთ ფოტოზე გამოსახული იყო ვერმახტის ჯარისკაცი, რომელზეც აღნიშნული ტექსტი იყო დატანილი: ”ყველაზე სწრაფი თავშესაფრის  უფლების მიღების გერმანული პროცედურა, უარყოფს 1400 – მდე მოთხოვნას წუთში!”

"

ლინდემანის მსგავსად, კოიტერიც პრორუსულ პოზიციას იჭერს სანქციებთან მიმართებით და მათ გაუქმებას მოითხოვს. მისი აზრით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ არის გერმანიის ეროვნული ინტერესის საგანი და ამით სარგებელს მხოლოდ ამერიკული კორპორაციები იღებენ. 

“The strategy doesn’t target Russia alone, but the EU and Germany as well.” - აღნიშნული განცხადება კოიტერმა იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა, რომელიც ოკუპირებული ყირიმის სამხრეთში გაიმართა. აღნიშნულ ფორუმში მთავარ აქტორს რუსეთი წარმოადგენდა.

"
შტეფან კოიტერი

პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის შესახებ

“ალტერნატივა გერმანიისთვის” 2013 წელს დაფუძნდა და ის ღიად ულტრა-ნაციონალისტური პარტიაა. აღსანიშნავია, რომ პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია პუტინის “ერთიანი რუსეთის” ახალგაზრდულ ფრთასთან ალიანსის შექმნას გეგმავდა. “ალტერნატივა გერმანია” გამოირჩევა ანტიმიგრაციული და ისლამოფობიური განცხადებებით.


მოამზადა ირაკლი იაგორაშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორიის რეგიონული ქსელი

პროფილები: