პოლიტიკა

ვინ არის ვიაჩესლავ ბორისოვი და ვინ ტირაჟირებს 8 წლის წინანდელ მის განცხადებას აგვისტოს ომზე?

20 აგვისტო, 2020

2020 წლის 17 აგვისტოს საინფორმაციო სააგენტო NSP.GE-მ გაავრცელა სტატია სათაურით “რუსი გენერლის სკანდალური განცხადება: 2008 წელს ახალგორში შესვლას არ ვაპირებდით - რაიონი კახა ლომაიას თხოვნით დავიკავეთ”, რომელშიც სააგენტო გაზეთ “საერთო გაზეთში” გამოქვეყნებული ინტერვიუს მიხედვით რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების გენერალ-მაიორს ვიაჩესლავ ბორისოვს ციტირებს:

“ჩვენ ლენინგორში (ახალგორის მუნიციპალიტეტი რედ.) ჯარის შეყვანას არც ვგეგმავდით, მაგრამ ბატონმა კახა ლომაიამ ეს საკითხი პრინციპულად წამოგვიყენა და პირადად მე არაერთგზის მთხოვა, ლენინგორში ჩემი "სადესანტო როტა" გამეგზავნა!!! თქვენ გესმით? ქართველი კახა ლომაია მე, რუს გენერალს მევედრებოდა, ლენინგორში ჩემი "დესანტნიკები" შემეყვანა.”

ინტერვიუ, რომელსაც აღნიშნული მასალა ეყრდნობა, “საერთო გაზეთის” 2012 წლის 26 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა. საინფორმაციო პორტალმა NSP.GE-მ კი მასალა 8 წლის შემდეგ, 17 აგვისტოს თარიღით რუბრიკაში “ახალი ამბები რეტრო მედია” გააცოცხლა.

1

საინფორმაციო პორტალმა NSP.GE-მ კი მასალა 8 წლის შემდეგ, 17 აგვისტოს თარიღით რუბრიკაში “ახალი ამბები რეტრო მედია” გააცოცხლა.

2

სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ტექსტი, რომელიც სამაჩაბლოში რუსული ჯარის შესვლაზე პასუხისმგებლობის დაკისრებას ქართული მხარისთვის ცდილობს, სოციალურ ქსელში კორდინირებულად გავრცელდა.

ვინ არის ვიაჩესლავ ბორისოვი?

რუსული საჰაერო-სადესანტო ძალების გენერალ-მაიორ ვიაჩესლავ ბორისოვის საქართველოსთან “ურთიერთობა” 1998 წლიდან დაიწყო, როცა ბორისოვი ბათუმის მე-12 რუსული სამხედრო ბაზის მმართველად დაინიშნა. პოსტზე დანიშვნის შემდეგ ბორისოვი ასლან აბაშიძის ღია მხარდამჭერი გახდა და 1999 წლის შემოდგომაზე დაუპირისპირდა ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებას. 1999 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისას ბორისოვი ოფიციალურად უჭერდა მხარს ასლან აბაშიძეს და “ბათუმის ალიანსს”. შედეგად, შევარდნაძის მთავრობამ რუსეთის ხელისუფლებას ოფიციალურად მოსთხოვა გაეწვია გენერალი ბორისოვი საქართველოდან ქვეყნის საშინაო საქმეებში ღიად ჩარევის გამო. 2000 წელს ბორისოვი ჩრდილოეთ კავკასიაში გადაიყვანეს, თუმცა 2001 წლიდან ის კვლავ ბათუმის მე-12 ბაზაზე დაბრუნდა.

2002 წლის 29 მაისს ბორისოვმა ინტერვიუ მისცა გამოცემას “პარლამენტსკაია გაზეტა”, რომელშიც იგი ამბობდა: “ჩვენი ბაზები შევარდნაძეს ყელში ძვალივით აქვს გაჩხერილი და მას სხვა არაფერი დარჩენია, რომ ამ ფაქტს შეურიგდეს. მე, ალბათ, არ გამოვირჩევი დიპლომატიურობით ჩემს გამონათქვამებში და, როგორც ჩანს, ამჟამადაც გამომაცხადებენ პერსონა ნონ-გრატად, როგორც ეს უკვე სამჯერ მოხდა მანამდე. მაგრამ თუ რუსეთის ბაზებს გაიყვანენ, მაშინ ამიერკავკასიის მთელი ტერიტორია, შავი ზღვით დაწყებული და კასპიით დამთავრებული, ომის ქარცეცხლში გაეხვევა.”

ბორისოვის ამ ინტერვიუს შევარდნაძის მთავრობის კიდევ ერთი კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა გენერლის მიერ მისი კომპეტენციის მიღმა გაკეთებული განცხადებების გამო. 2002 წელს ბორისოვმა ისევ დატოვა აჭარა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისას ვიაჩესლავ ბორისოვი 10 აგვისტოს ცხინვალის ბრძოლაში რუსული ჯარის ერთ-ერთი მეთაური იყო. 2008 წლის 13 აგვისტოს მისი ხელმძღვანელობით რუსულმა ჯარმა გორი დაიკავა. 14 აგვისტოს ვიჩესლავ ბორისოვმა გააკეთა განცხადება ქალაქის ქართული პოლიციისთვის გადაცემის შესახებ, თუმცა გორში რუსული ჯარის ნაწილები 22 აგვისტომდე რჩებოდა.

ვიაჩესლავ ბორისოვის სახელი ქართულ მედიაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა 2010 წლის იანვარში, როცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან დაკავშირებული 13 პირი დააკავა. დაკავებულებს შორის იყო რუსეთის მოქალაქე ბიზნესმენი პეტრე დევრიშაძე, რომელმაც აღიარებითი ჩვენებით დაადასტურა საკუთარი ბრალი. პეტრე დევრიშაძის ჩხრეკისას მის საფულეში აღმოაჩინეს ვიაჩესლავ ბორისოვის სავიზიტო ბარათი. 

პეტრე დევრიშაძისა და ვიაჩესლავ ბორისოვის შესაძლო კავშირთან დაკავშირებით რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის “ეხო კავკაზიის” რედაქცია 2010 წელს ტელეფონით დაუკავშირდა რუს გენერალს.

ვიაჩესლავ ბორისოვი: „არ უარვყოფ, კარგად ვიცნობ. ცხოვრობდა ერთ სახლში ასლან აბაშიძესთან. სოლიდური ადამიანია. მასთან მილაპარაკია და ლუდიც დამილევია, მაგრამ მერე რა! რა მონაცემები უნდა გადმოეცა მას ჩემთვის, როცა იქ ვმსახურობდი მასზე კარგად ვიცოდი, თუ რა ხდებოდა საქართველოში“. 

კოორდინირებული გავრცელება 

17 აგვისტოს საინფორმაციო პორტალ NSP.GE-ზე გამოაქვეყნებული მასალის ბმული კოორდინირებულად გავრცელდა Facebook-გვერდებსა და ჯგუფებში. ბმული კახა კალაძისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ჯგუფშიც „კახა კალაძე თბილისის მერი“ გაზიარდა, ამ ჯგუფიდან კი ბმული კიდევ უფრო მეტ Facebook-ჯგუფში გააზიარეს. 20 აგვისტოს მონაცემებით, კახა კალაძის მხარდამჭერ ჯგუფში აღნიშნულ პოსტს 654 გაზიარება აქვს.

3

კახა კალაძის მხარდამჭერი ჯგუფის გარდა, NSP.GE-ს მასალა კიდევ 15 Facebook-ჯგუფში გაზიარდა: გასამართლდეს ნაციონალური მოძრაობა!, „მოქალაქე“ არასამთავრობო ორგანიზაცია, რუსთავი 21 / RUSTAVI 21, ნიუს რუსთავი, „პოლიტიკური“ რუსთავი, გიორგი მარგველაშვილი გისმენთ მეგობრებო!, საქართველო და მსოფლიო, ომის ვეტერანები, საინფორმაციო ჯგუფი / INFORMATION GROUP, ისრაელის ემიგრანტები, პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება"-ს მხარდამჭერთა ჯგუფი, დაარეკლამე რაც გინდა, Georgia • საქართველო ✔️, დღეს პოლიტიკაში, ქვეყნის მტრების წინააღმდეგ.

4

NSP.GE-ს მასალა 3-მა Facebook-გვერდმა გააზიარა: სამოქალაქო საზოგადოება - XXI. civil society, იმედი +, საქართველოს მავნებლები და მავნებლობა.

5

18 აგვისტოს NSP.GE-ს მასალა იდენტური ტექსტითა და სათაურით ვებ-გვერდმა Tinp.ge-მ („დღეს პოლიტიკაში“) გამოაქვეყნა. Tinp.ge-ს მასალა 5 Facebook-ჯგუფში გაზიარდა, მათგან 2 „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ჯგუფია,1 - ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული, 2 კი პოლიტიკური და საინფორმაციო ხასიათის ჯგუფი. აღნიშნული ჯგუფებია: კახა კალაძე თბილისის მერი, ბიძინა ივანიშვილის მეგობრები "ფეისბუქზე", ქვეყნის მტრების წინააღმდეგ, დღეს პოლიტიკაში, პროტესტი! Protest! Протест!

6

7

18 აგვისტოს აღნიშნული მასალა პრორუსული მედია “საქინფორმის” ვებგვერდზეც გამოქვეყნდა.

ამავე თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა: ვინ და როგორ “ამტკიცებს,” რომ ომი საქართველომ დაიწყო?


მოამზადეს მარიამ ტალახაძემ და მედეა სულამანიძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია


მასალა მომზადდა ფეისბუკის ანალიტიკური ხელსაწყოს Crowdtangle-ის გამოყენებით