სხვადასხვა

ვინ ავრცელებს ბერა ივანიშნვილის ვიდეომიმართვას მანიპულაციურად?

31 აგვისტო, 2020

2020 წლის 29 აგვისტოს ბერა ივანიშნილმა  Instagram-ის პროფილით მოძრაობა #BlackLivesMatter-ის  მხარდამჭერი ვიდეომიმართვა გაავრცელა. 29 აგვისტოს ბერა ივანიშვილის ვიდეომიმართვის კადრები ამერიკაში საპროტესტო გამოსვლების კადრების თანხლებით გაავრცელა გვერდმა Turning Point Georgia. გვერდი ბერას მიერ BlackLivesMatter მოძრაობისადმი სოლიდარობის გამოცხადებას ამერიკაში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ დაწყბული მაშტაბური საპროტესტო გამოსვლებისას ჩადენილი დანაშაულების მხარდაჭერასთან აიგივებს. ვიდეო 30 აგვისტოს გაავრცელა ანტისახელისუფლებო, პრო-ოპოზიციურმა გვერდმაც  ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო.

Turning Point Georgia.: “ბერა ივანიშვილი მხარს უჭერს ამერიკის მარქსისტულ არასამთავრობო BLM(BLACK LIVES MATTERS)-ს და მათ სოლიდარობას უცხადებს. ამბობს რომ ის მხარს უჭერს სამართლიანობას როდესაც ეს არასამთავრობო ხალხს ხოცავს(მოკლეს დედა რადგან თქვა რომ ყველას სიცოცხლე ერთნაირად დაფასებულია, მოკლეს შავკანიანი ყოფილი პოლიციელი, სახლში ცოცხლად დაწვეს პატარა ბავშვი, მოკლეს რამოდენიმე თეთრკანიანი მოქალაქე მათი კანის ფერის გამო თავში სკეიდბორდების ჩარტყმით...აშ სიას ბოლო არააქ), შენობებს/ბიზნესებს წვავს და ამას მშვიდობიან პროტესტს ეძახიან ასევე მამამისი ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ქართველ ხალხს როგორც ცხოველებს ისე ეპყრობა და ბერა სამართლიანობაზე საუბრობს უსინდისობის პიკია.”

ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო: “ბერა მხარს უჭერს ორგანიზაციას რომელის ამერიკაში სახლებს წვავს პოლიციას ესხმის თავს 8 მილიარდი დოლარის ზარალი ანახეს ბიზნესებს და სახელმწიფოს 36 ადამიანი მოკლეს ვანდალური აქტების დროს დაწვეს მაღაზია რომელშიც ადამიანი იყო ხოლო მისი გვამი 2 თვის შემდგომ აღმოაჩინეს.”

""

Turning Point Georgia-ს და  ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტოს მიერ გავრცელებული პოსტები მანიპულაციურია, რადგან  ბერა ინგლისურენოვან ვიდეო მიმართვაში თანასწორობაზე საუბრობს და მხარდაჭერას უცხადებს პროტესტს, რომლის მიზანიც არის შავკანიანთა დაცვა, და არა კონკრეტულ ორგანიზაცია  BLM-ს. 

რას ამბობს ბერა ივანიშვილი მიმართვაში? 

ჰეშთეგით #blacklivesmatter-ს ბერა ივანიშვილმა ინგლისურენოვანი ვიდეო მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ის შემდეგ სიტყვებს ამბობს: 

"გამარჯობა. ვიმედოვნებ, რომ ყველა უსაფრთხოდ ხართ. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მილის მოშორებით ვცხოვრობ, მინდა, თქვენთან ერთად დავდგე და ვთქვა, რომ შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია. მე გავიზარდე ოჯახში, რომელსაც ყველა ადამიანის თანასწორობის სჯერა. მე და ჩემი მეუღლე ვცდილობთ, რომ ჩვენი ვაჟი იმავე პრინციპებით გავზარდოთ. რადგან ჩვენ გვჯერა, რომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია წვლილი შეიტანოს სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის პროცესში. ეს მშვიდობის გზავნილია რიგითი ადამიანისგან. ღმერთმა დაგლოცოთ." 

აღნიშნულ მიმართვას კავშირი არ აქვს ორგანიზაცია BLM-თან ანუ Black Lives Matter Foundation-თან, რომლის მხარდაჭერას ფეისბუკ გვერდები  “Turning Point Georgia” და  “ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო” ბერა ივანიშვილს მიაწერენ. 

ორგანიზაცია BLM-ის შესახებ 

ორგანიზაცია BLM ანუ Black Lives Matter Foundation 2013 წელს მას შემდეგ დაარსდა, რაც 2012 წელს შეუიარაღებელი აფრო-ამერიკელი არასრულწლოვნის მკვლელობისთვის ბრალდებული ჯორჯ ციმერმანი სასამართლომ გაამართლა. ორგანიზაცია ამჟამად ამერიკას, კანადასა და დიდ ბრიტანეთში შავკანიანების უფლებადამცველი აქტივისტების დეცენტრალიზებულ ქსელია, რომელსაც ოფიციალური იერარქიული სტრუქტურა არ აქვს.  2014-2016 წლებში BLM-მა აფრო-ამერიკელებზე პოლიციის მხრიდან ძალადობის და მკვლელობის შემთხვევების გამო რამდენიმე მასშტაბურ საპროტესტო გამოსვლას გაუწია ორგანიზება.

Black Lives Matter-მა საერთაშორისო ყურადღება 2020 წლის 25 მაისს პოლიციელის მიერ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო დაწყებული საპროტესტო გამოსვლების შემდეგ მიიქცია, როდესაც ორგანიზაციის სახელი ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი პროტესტის მთავარ ლოზუნგად იქცა. 2020 წლის მაისის შემდეგ #BlackLivesMatter არა მხოლოდ კონკრეტული ორგანიზაციის, არამედ ზოგადად საერთაშორისო საპროტესტო მოძრაობის სახელწოდებაა, რომელიც გარდა უშუალოდ ქუჩებში მოწყობილი დემონსტრაციებისა, თანასწორობას, პოლიციის ძალადობას და აფრო-ამერიკელების უფლებების დაცვას უკავშირდება.

Turning Point Georgia.-სა და ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტოს შესახებ

გვერდი Turning Point Georgia. 2020 წლის 30 იანვარს შეიქმნა და 2020 წლის 4 მარტამდე Turning Point Georgia / Guram Balashvili-ის სახელით იყო რეგისტრირებული. ამჟამად გვერდს ერთი ადმინისტრატორი ჰყავს ამერიკიდან. გვერდი ძირითადად ნაციონალური მოძრობის მხარდამჭერ პოსტებს აქვეყნებს. 

"

გვერდი ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო 2020 წლის 17 მაისს შეიქმნა. თავდაპირველად გვერდის სახელწოდება 1ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო იყო. გვერდს ერთი ადმინისტრატორი მართავს საქართველოდან და ძირითადად ანტისახელისუფლებო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერ პოსტებს აზიარებს. 

"

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური დასახელების მქონე გვერდი Facebook-მა ერთხელ უკვე გააუქმა,  როგორც ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული გვერდი. ამის შესახებ კომპანიის მიერ  2020 წლის 5 მაისს გამოქვეყნებული ანგარიშით გახდა ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ Facebook-ს ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული გაუქმებული 80-მდე გვერდის სრული სია არ გაუსაჯაროებია, ანგარიშში ნიმუშის სახით მოყვანილია სწორედ ქოცების დასაცინი ოფიციალური საგენტოს პოსტი.

"


მოამზადა მედეა სულამანიძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია