ვის ეკისრება მტკიცების ტვირთი ოჯახური ძალადობისას? 

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

119
VIEWS

2021 წლის 11 მაისს მედია პორტალმა “საქართველო და მსოფლიო” პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის, დიმიტრი ლორთქიფანიძის ინტერვიუ გამოაქვეყნა. სტატია, სახელწოდებით “დიმიტრი ლორთქიფანიძე: ეს კანონი ე.წ. მოწყვლად ჯგუფებს კი არ იცავს, არამედ სადამსჯელო ინსტრუმენტია ტრადიციული საზოგადოების წინააღმდეგ” საქართველოში ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებიდან 7 წლის თავს ეძღვნება და ლორთქიფანიძე სწორედ აღნიშნულ კანონპროექტს აფასებს. მისი თქმით, ანტიდისკრიმინაციული კანონი უმცირესობის სახელით უპრეცედენტო დიქტატურის დასაწყისია, ხოლო ე.წ. სტამბოლის კონვენცია ბოროტების საფუძველია, რადგან კონვენციით დაწესებული სტანდარტის გამო, დღეს საქართველოში “დაახლოებით ოთხი ათასამდე ადამიანი – მეუღლე იხდის სასჯელს აბსურდული ბრალდებით”, ამიტომ, საქართველომ კონვენცია უნდა დატოვოს. ლორთქიფანიძე ამბობს, რომ სტამბოლის კონვენციით მტკიცების ტვირთი მამაკაცზე გადადის:

დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი: “ამ კონვენციის ყველაზე შენიღბული და რეპრესიული მოქმედება ვლინდება იმაში, რომ მტკიცების ტვირთი სახელმწიფო ბრალდებაზე კი არ არის, არამედ მამტკიცებელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა მოიყვანოს მამაკაცმა, რომ მას არ ჩაუდენია დანაშაული. უკვე ისე შორს წავიდა ეს პრაქტიკა, რომ, თუ ქალი ამბობს, კაცი ჩემზე ძალადობდაო, ეს აპრიორი საკმარისი საფუძველია კაცის პასუხისგებაში მისაცემად.”

იგივე მოსაზრება 20 მაისს  გადაცემის  “ალტ-ანალიტიკა”-ს ერთ-ერთმა წამყვანმა ზურა მახარაძემაც გააჟღერა. მისი მტკიცებით, ფემინისტური კანონების მიხედვით, როდესაც ქალი კაცს ძალადობას დააბრალებს, მტკიცების ტვირთი კაცზე გადადის. კაცმა უნდა დაამტკიცოს, რომ უდანაშაულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში ციხეში მოხვდება.

ზურა მახარაძე, “ალტ-ანალიტიკის” თანაწამყვანი: “ფემინისტური კანონები, რომლის ფარგლებშიც ქალი რომ კაცს რაღაცას დააბრალებს, ძალადობას, მტკიცების ტვირთი რომ კაცზე გადადის, ან იმან უნდა დაამტკიცოს, რომ უდანაშაულოა ან აპრიორი ციხეში მიდის, ეგ აქტიურად შემოდის. მე შენ დაგაბრალე და შენ თუ თავი ვერ იმართლე დამნაშავე ხარ”.

29 მაისს გამოქვეყნებულ პოსტში კი ბექა ვარდოსანიძე აღნიშნავს, რომ საქართველოში სწორედ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შემდეგ დაიწყო ნებისმიერი ოჯახურ ძალადობაზე მამაკაცების დაპატიმრება და ამ პროცესში არანაირი გირაო ან აღმკვეთი ღონისძიების სხვა სახე არ გამოიყენება.

; ;

;
ალტ-ინფოს წამყვანის და დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ სტამბოლის კონვენციასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები მანიპულაციურია. სტამბოლის კონვენცია მკიცების ტვირთის მამაკაცს არ აკისრებს, ის მიზნად ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციასა და აღკვეთას ისახავს. ბექა ვარდოსანიძის მტკიცება, რომ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შემდეგ ნებისმიერ ოჯახურ ძალადობაზე მამაკაცების დაპატიმრება და ციხეში ჩასმა გირაოს ან აღკვეთის სხვა ღონისძიებების გარეშე დაიწყო სიმართლეს არ შეესაბამება.

  • სტამბოლის კონვენცია მტკიცების ტვირთის კაცზე გადასვლას არ გულისხმობს

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციაში,  ანუ ე.წ. სტამბოლის კონვენციაში არსადაა აღნიშნული, რომ ძალადობის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებულზე გადადის.

დიმიტრი ლორთქიფანიძე და ზურა მახარაძე საუბრობენ ქალზე ძალადობაში დადანაშაულების შემთხვევაში მტკიცების ტვირთის კაცზე გადასვლაზე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

ქალთა მიმართ ან ოჯახში ძალადობის შემთხვევებში სამართალდამცველები ადგილზე აფასებენ სიტუაციას და მყისიერი საფრთხის არსებობის შემთხვევაში, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 და 10(1) მუხლების მიხედვით, გამოწერენ დამცავს ან შემაკავებელ ორდერებს,  გარკვეული გარემოების არსებობის შემთხვევაში კი, მოძალადის მიმართ შესაძლოა, დაწესდეს ელექტრონული ზედამხედველობა.

როგორც მსხვერპლს, ასევე მოძალადეს შემაკავებელი ორდერის ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში მისი გასაჩივრება შეუძლია, თუმცა თუ ამ საკითხის განხილვისას გამოიკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, განხილვის პარალელურად საქმის მასალები სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხის გადასაწყვეტად გადაიგზავნება.

ოჯახში ძალადობა  (სისხლის სამართლის კოდექსი მუხლი 126​1) სისხლის სამართლის საქმეებს წარმოადგენს, რა დროსაც მტკიცების ტვირთი მუდმივად ბრალდების მხარესაა. უდანაშაულობის პრეზუმფციის და პოტენციური სასჯელის სიმკაცრის გამო მტკიცების სტანდარტი მაღალია და იმის მტკიცება, რომ ბრალდებული დისკრიმინაციული განზრახვით მოქმედებდა, პროკურორის მოვალეობაა.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის” იურისტი ელისო რუხაძე განმარტავს, რომ ნებისმიერ ძალადობის შემთხვევაში, მტკიცების ვალდებულება პროკურორს ეკისრება და შესაბამისად, მოძალადე მამაკაცზე მტკიცების ტვირთი არც ერთ შემთხვევაში არ გადადის.

  • გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის რა შემთხვევებში შეიძლება გადავიდეს მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე?

სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებში მტკიცებულების წარდგენის კუთხით მსხვერპლის როლი განსხვავებულია.

მსხვერპლს უფრო აქტიური როლი აქვს სექსუალური ან გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევაზე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოების დროს, როდესაც მტკიცებულებები ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს. სწორედ ამ შემთხვევაში ფიგურირებს მტკიცების ტვირთის ბრალდებულზე გადატანის საკითხი.

ეს გულისხმობს მტკიცების ტვირთის შემსუბუქებას მომჩივანისთვის, თუმცა მისი ინტერპრეტაცია ისე, თითქოს მტკიცების ტვირთის კაცზე გადატანა მხოლოდ “ქალის მხრიდან რაღაცის დაბრალების” ნიადაგზე ხდება მცდარია. ამ შემთხვევებში, მომჩივანმა უნდა შეძლოს დისკრიმინაციის დემონსტრირება, წარმოადგინოს საბუთები, რომლის საფუძველზეც მიაჩნია, რომ მის მიმართ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას ჰქონდა ადგილი. ამის შემდეგ მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე გადადის და მან უნდა დაამტკიცოს, რომ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია.

  • როგორია დაკავებების და აღკვეთის ღონისძიების სხვა სახეების რეალური სტატისტიკა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შემდეგ?

ბექა ვარდოსანიძის მტკიცება, რომ სტამბულის კონვენციის გამო ოჯახში ძალადობაში ბრალდებული ყველა მამაკაცი ციხეში ხვდება და აღნიშნულ შემთხვევებში გირაო ან აღმკვეთი ღონისძიების სხვა სახე არ გამოიყენება, სიმართლეს არ შეესაბამება. შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგისტრირებულ დანაშაულთა სტატისტიკაში ვხედავთ, რომ სისხლის სამართლის საქმე 2020 წელს ოჯახში ძალადობის 5 204 შემთხვევაზე აღიძრა. იმავე წელს კი  ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე 10 321 შემაკავებელი ორდერი გამოწერეს.

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მიერ მომზადებულ ანგარიშში აღწერილია 2016-2018 წელს მომხდარი კონკრეტული საქმეები, როდესაც ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად გირაო, პირობითი პატიმრობა და საზოგადოებისთვის სასრგებლო შრომა დაადგინა.

პატიმრობისგან განსხვავებული სასჯელი გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსშიც. 126(1) მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობაში ბრალდებულს შესაძლოა მიესაჯოს როგორ 2 წლამდე პატიმრობა, ასევე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა.

  • რა არის სტამბოლის კონვენცია და შეცვალა მან საქართველოში?

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას, ანუ ე.წ. სტამბოლის კონვენციას საქართველო 2017 წლის 19 მაისს შეუერთდა.  კონვენცია ხელმომწერ ქვეყნებს ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით შემდეგი ოთხი მიზნის შესრულებას სთხოვს: პრევენცია, დაცვა, აღსრულება და კოორდინირებული პოლიტიკა.

კონვენცია იმ მიდგომას ეფუძნება, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის გენდერული ნიშნით მოტივირებული ძალადობის ფორმა, რომელიც ქალების წინააღმდეგ ხორციელდება, მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ქალები არიან.

თვალთვალი, სექსუალური შევიწროება, სექსუალური ძალადობა (გაუპატიურების ჩათვლით), ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ინტიმური პარტნიორების მხრიდან, იძულებითი ქორწინება და იძულებითი სტერილიზაცია ძალზე ტრავმული ძალადობრივი აქტებია, რომელთა შემთხვევაშიც მსხვერპლთა აბსოლუტური უმრავლესობა ქალია. ამასთან, ქალის გენიტალიების დასახიჩრება და იძულებითი აბორტი, რომლებიც მხოლოდ ქალების წინააღმდეგ გამოიყენება, გვიჩვენებს სისასტიკისა და დამამცირებელი ქცევის შოკისმომგვრელ დონეს, რომელსაც ქალები განიცდიან.

სწორედ ამიტომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, მიიღოს გარკვეული ზომები ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, მსხვერპლების დასაცავად და დამნაშავეთა დასასჯელად. სტამბოლის კონვენციის  მიზანიც სწორედ ისაა, რომ მასზე ხელმომწერმა ქვეყნებმა საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყონ ქალთა ძალადობისგან დაცვა. უფრო მეტიც, იმის გამო, რომ მხოლოდ ქალები და გოგოები არ განიცდიან ოჯახურ ძალადობას, კონვენცია რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს  ძალადობისგან დამცავი ჩარჩო მსხვერპლი მამაკაცების დასაცავადაც გამოიყენონ.

ამ დროისთვის კონვენციას 45-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი, რატიფიცირება კი 34-მა მოახდინა, მათ შორის ავსტრიამ, დანიამ, ბელგიამ, გერმანიამ და სხვა.

საქართელოს შემთხვევაში სწორედ სტამბოლის კონვეცნია განსაზღვრავს, რომ ძალადობის მსხვერპლს შესაძლებლობა აქვს მიიღოს დაამცავი და შემაკავებელი ორდერი, ისარგებლოს უფასო იურიდიული მომსახურებით, ძალადობის მსხვერპლთა სახელმწიფო თავშესაფრით, ცხელი ხაზით და სხვა.

ამასთან, კონვენციის შედეგად გაჩნდა საკანონმდებლო დონეზე ადევნების დეფინიცია, მოხდა იძულებითი სტერილიზაციის და ქალის გენიტალიების დასახიჩრების კრიმინალიზაცია. სახელმწიფოს კი დაევალა ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის სტატისტიკის წარმოება, ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობაზე ზრუნვა და ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციასა და დაცვის სერვისების შექმნა.

“ალტ-ინფოს” არქივი
“საქართველო და მსოფლიო”-ს არქივი
ბექა ვარდოსანიძის პოსტის არქივი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროსაბჭო
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

წყარო

პრი
პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოების ცენტრი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist