“თბილისი 24”-ის შესახებ: საინფორმაციო სააგენტო შპს "თბილისი 24" საჯარო რეესტრში 2015 წლის 26ზ მარტს დარეგისტრირდა. მისი მფლობელები გოჩა ნაჭყებია (50%) და მაია შაიშმელაშვილი (50%) არიან. გოჩა ნაჭყებია, რომელიც ამავდროულად "თბილისი 24"-ის დირექტორია, პარტია "ცენტრისტების" ერთ-ერთ ლიდერთან, ვლადიმერ ბედუკაძესთან დაკავშირებული პირია.
ორივე მათგანი "საზოგადოებრივი მონიტორინგის ცენტრის" გამგეობის წევრია. ,,ცენტრისტების” ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციით, ვლადიმერ ბედუკაძე პარტიის თავჯდომარის მოადგილეა.
2016 წლის 12 დეკემბერს საინფორმაციო სააგენტომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის მოთხოვნით მიმართა. კომისიის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს „თბილისი 24“ მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირად გატარდა. საავტორიზაციო პირობების თანახმად, „თბილისი 24“-მა დღე-ღამის განმავლობაში მინიმუმ 6 საათი ქართულ ენაზე უნდა იმაუწყებლოს. იგი ინტერნეტ ტექნოლოგიის და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების ქსელის საშუალებით გავრცელდება.
თბილისი 24-მა 12 ივლისს "ცენტრისტების” შესახებ გამოაქვეყნა რუსული მედია საშუალების გაზეთ "ვზგლიადის” სტატია, სათაურით "საქართველოში პირველი ღიად პრორუსული პარტია გაჩნდა” (В ГРУЗИИ ПОЯВИЛАСЬ ПЕРВАЯ ОТКРОВЕННО ПРОРОССИЙСКАЯ ПАРТИЯ).
ვლადიმერ ბედუკაძე, რომელიც გახმაურებული ციხის კადრების ავტორია, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური გაერთიანება "ცენტრისტების” საარჩევნო სიით მონაწილეობდა. "ცენტრისტების” საზოგადოებრივ მაუწყებელის ეთერში განთავსებულმა წინასაარჩევნო რგოლმა, რომელიც შეიცავდა დაპირებებს 400 ლარიანი რუსული პენსიისა და რუსული ბაზების დაკანონების შესახებ, საზოგადოებაში მკვეთრად ნეგატიური გამოხმაურება გამოიწვია. ამის გამო 14 აგვისტოს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პარტიის წინასაარჩევნო რგოლი ეთერიდან მოხსნა. აღნიშნული კლიპი "თბილისი 24”-ის ვებ-გვერდზეა ხელმისწავდომი.
16 აგვისტოს "ცენტრისტებს” ცესკომ საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმა, რადგან პოლიტიკური გაერთიანების ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილება და მისი თავმჯდომარეობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით არ არის იურიდიული ძალის მქონე. ცესკოს მიერ რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვლადიმერ ბედუკაძე "საქართველოს კომუნისტური პარტია- სტალინელების (ივანე წიკლაური)” პარტიული სიით მონაწილეობდა, ამავე სიაში იყო ცენტრისტების მეორე წევრი, უშიშროების ყოფილი მინისტრი თენგიზ ხაჩიშვილიც.