Политика

საქინფორმის დეზინფორმაცია, თითქოს კონგრესმა საქართველოს საქმეებში ჩარევა აღიარა

16 December, 2019

9 დეკემბერს ონლაინ გამოცემა “საქინფორმმა” გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “აშშ-ს კონგრესმა აღიარა საქართველოს საქმეებში ჩარევა”. სტატია ეხება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავჯდომარის ელიოტ ენგელის განცხადებას საქართველოში NDI-ს და IRI-ს საქმიანობასთან დაკავშირებით.

“საქინფორმის” სტატიის სათაური, თითქოს აშშ-ს კონგრესმა საქართველოს საქმეებში ჩარევა აღიარა დეზინფორმაციაა და შეუსაბამოა თავად სტატიის შინაარსთან, რომლის მიხედვითაც ელიოტ ენგელი ამბობს, რომ “საქართველოში მოქმედი ამერიკული ინტიტუტები მუშაობენ მთელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრთან და არ ირჩევენ მხარეებს.”

რა თქვა ელიოტ ენგელმა?

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავჯდომარე ელიოტ ენგელმა 6 დეკემბერს გამოქვეყნებულ პრეს რელიზში აღნიშნა, რომ კონგრესი მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. მისი თქმით, NDI და IRI თანამშრომლობენ როგორც ოპოზიციურ პარტიებთან, ისე მმართველ პარტია “ქართულ ოცნებასთან” და ისინი არ ირჩევენ მხარეს. ენგელი საქართველოს ამ ორგანიზაციებთან პარტნიორობის გაგრძელებას ურჩევს. მან ასევე აღნიშნა, რომ “მაშინ, როდესაც რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას, ქართველი ხალხი ვლადიმერ პუტინის აგრესიის წინააღმდეგ ფრონტის ხაზზე რჩება.”

“აშშ-ის კონგრესი დგას ქართველ ხალხთან და მეც, რასაც შემიძლია გავაკეთებ საქართველოში დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად.” - ელიოტ ენგელი

 27 ნოემბერს იმედის პირდაპირ ეთერში ბიძინა ივანიშვილმა IRI-ისა და NDI-ს კვლევებთან დაკავშირებით თავისი უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ეს ამერიკული ორგანიზაციები თავად აშშ-ს ინტერესებსაც აზიანებენ, რადგან ისინი უკვე წლებია ცრუობენ და რეალურად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სატელიტები არიან.

საქინფორმის შესახებ

საინფორმაციო სააგენტო საქინფორმის 100%-იანი წილის მფლობელი 2013 წლიდან გამოცემის რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილია. დამოუკიდებლობა.com-ის თანახმად, „საქინფორმის“ დომეინი პრორუსული ორიენტაციის ორგანიზაციის „ისტორიული მემკვიდრეობის“ ხელმძღვანელის, ტარას გაგნიძის სახელზეა რეგისტრირებული, რომელიც „საქართველო და მსოფლიოსაც“ ფლობს.