Разное

უთხრა თუ არა 5G-ზე უარი ბრიტანეთმა Huawei-ს?

29 April, 2020

25 აპრილს საინფორმაციო პორტალმა “ქართული აზრი” გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “დიდი ბრიტანეთი 5G- ზე უარს აცხადებს, კომპანია Huawei ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ვეღარ ჩაატარებს”. სტატიაში აღნიშნულია, რომ Huawei, რომელიც 5G ქსელის კურატორი უნდა ყოფილიყო დიდ ბრიტანეთში, პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით ამ სამუშაოს ვეღარ შეასრულებს. სტატიის მიხედვით, COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით კითხვები კვლავ პასუხგაუცემელია და სწორედ აღნიშნული ვითარება სახელდება ბორის ჯონსონის მიერ Huawei-ს 5G-ზე უარის თქმის მიზეზად. ინფორმაციის ბოლოს წყაროდ მითითებულია New York Post-ის სტატიის ბმული.

“ქართული აზრის” სტატია 26 აპრილს თავის ფეისბუქ გვერდზე გააზიარა საინფორმაციო პორტალმა livenews.ge- მ, ხოლო 27 აპრილს ფეისბუქ გვერდმა “პატრიოტული გვერდი”.

'

'|

“ქართული აზრის” მიერ გამოქვეყნებული სტატია მცდარი ინფორმაციაა, რადგან დიდი ბრიტანეთს უარი არ უთქვამს ჰუავეისთან 5G პროექტის ფარგლებში თანამშრომლობაზე. ამასთან, ჰუავეი დიდ ბრიტანეთში 5G პროექტის კურატორი არ არის და მას მხოლოდ პროგრამის მცირე პერიფერიული ნაწილის განხორციელებაზე აქვს წვდომა. 

  • დიდი ბრიტანეთს ჰუავეისთან თანამშრომლობაზე უარი არ უთქვამს

დიდმა ბრიტანეთმა კომპანიასთან თანამშრომლობა 5G პროექტის ფარგლებში 2020 წლის იანვრიდან დაიწყო. კომპანიას დაშვება 5G ქსელის მხოლოდ “არამგრძნობიარე ნაწილებზე” მიეცა, რაც ჩართულობის 35%-ს შეადგენს. 

ბოლო პერიოდში ხელახლა დაიწყო მსჯელობა, უნდა მისცეს თუ არა დიდმა ბრიტანეთმა ჰუავეის უფლება იმუშაოს 5G პროექტზე ქვეყნის შიგნით. ამ დისკუსიას დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უპასუხა, რომ მათი გადაწყვეტილება მტკიცეა და ჰუავეი 5G პროექტის არასენსიტიურ ნაწილებზე მუშაობას გააგრძელებს. შესაბამისად, კომპანია ჰუავეისა და დიდ ბრიტანეთს შორის შეთანხმებას გარდა იმისა, რომ არანაირი კავშირი არ აქვს კორონავირუსთან, ამ ეტაპისთვის არც გაუქმებულა.

როგორც მუდმივმოქმედი მდივნის მოადგილემ და საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიური სამსახურის უფროსმა საიმონ მაკდონალდმა 21 აპრილს განაცხადა, მთავრობამ გადაწყვიტა ინვესტიციის განხორციელება, მაგრამ ძალიან მკაცრი პირობებით. მისი თქმით, ეს მტკიცე გადაწყვეტილებაა და მისი ხელახალი განხილვა არ იგეგმება”

New York Post-ის სტატიაში, რომელიც ონლაინ მედიამ “ქართული აზრი” წყაროდ მიუთითა, ასევე არ არის აღნიშნული, რომ ბრიტანეთმა უარი თქვა ჰუავეისთან თანამშრომლობაზე. თუმცა, მანიპულაციურია სტატიის სათაური, რომლის თანახმადაც ბრიტანეთი კორონავირუსთან დაკავშირებული გამჭვირვალეობის პრობლემის გამო აპირებს ჰუავეის 5G პროექტი დაატოვებინოს. New York Post-ის სტატიაში ამ საკითხთან დაკავშირებით არა ბორის ჯონსონის ან ქვეყნის მთავრობის ოფიციალური განცხადებები, არამედ კონსერვატიული პარტიის წევრთა მოსაზრებებია მოცემული, რომელიც ბლუმბერგზე 16 აპრილს გამოქვეყნდა. მათი განცხადებების მიხედვით, ჰუავეი არასანდო პარტნიორია, რადგან ის იმ სახელმწიფოს ნაწილია, რომელიც დასავლურ ღირებულებებს არ იზიარებს.

  • რა როლი აქვს ჰუავეის დიდი ბრიტანეთის 5G პროექტში?

ჰუავეი 1987 წელს დაარსდა ჩინეთში, ყოფილი ოფიცრის ჟენ ჭენგფეის მიერ და დღეს  სმარტფონების სიდიდით მეორე მიმწოდებელია მსოფლიოში. 

კომპანიასთან დაკავშირებული პრობლემები 2019 წლიდადან იწყება, როდესაც აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა ჰუავეი ჩინეთის მთავრობის სასარგებლოდ ჯაშუშობასა და ამერიკული ტექნოლოგიების მოპარვაში დაადანაშაულა. ბრალდების ერთ-ერთი საფუძველი ის იყო, რომ კომპანიის დამფუძნებელი ჩინეთის არმიის ყოფილი ინჟინერი და კომუნისტურ პარტიიის წევრია.

მიუხედავად ბრალდებებისა, 2020 წლის იანვარში დიდმა ბრიტანეთმა ჰუავეისთან შეთანხმება დადო, რომელის თანახმადაც, კომპანიას შესაძლებლობა ეძლეოდა გაეგრძელებინა მუშაობა დიდი ბრიტანეთის 5G ქსელის პროექტზე, თუმცა მკაცრი შეზღუდვებით. 

კერძოდ, ჰუავეის შეეზღუდა ქსელის ბირთვზე- "მგრძნობიარე ნაწილებზე" წვდომა, და დაშვება მხოლოდ ქსელის პერიფერიაზე მიეცა, რაც მთლიანი პროექტის დაახლოებით 35% -ს მოიცავდა. მასში არ შედის სამხედრო ბაზები და ბირთვულ უბნებთან ახლოს მდებარე ტერიტორიები.

ამასთან, ბირთვი სატელეფონო ქსელის “გული და ტვინია”, ეს არის ქსელის ის ნაწილი, სადაც ხმოვანი და სხვა მონაცემები იყრის თავს, ეს კი ნიშნავს, რომ ჰუავეის მსგავს ინფორმაციაზე წვდომა არ ექნება. 


მოამზადა მარიამ თოფჩიშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორიის რეგიონული ქსელი

Profiles: