Политика

როგორ გააყალბეს “კარდჰუმ” და “პოლიტიკანომ” კონგრესმენ კინზინგერის ციტატა - განახლებული ვერსია

22 May, 2020

განახლება: 21 მაისს 21:10 სთ-ზე “კარდჰუს” იდენტური პოსტი ფეისბუქ გვერდმა “პოლიტიკანომაც” გამოქვეყნა. 


21 მაისს ფეისბუქ გვერდმა “კარდჰუ” გამოაქვეყნა აშშ-ის კონგრესმენის ადამ კინზინგერის ფოტოსურათი, რომელსაც თან ახლდა მისი ციტატა:  "ოქტომბრის არჩევნების შედეგები არავის არ მოგეწონებათ, მაგრამ ეგ იქნება დემოკრატია" - ადამ კინზინგერი”. “კარდჰუს” პოსტი იმავე დღეს გადააზიარა ფეისბუქ გვერდებმა “Beqa Vardosanidze • ბექა ვარდოსანიძე” და “წინაპართა ნაკვალევზე”, რომელმაც გაზიარებულ პოსტს დაურთო კომენტარი “პ.ს მგონი ნაცებს უხსნიან გზას ეს არასწორები…”. 21 მაისს იდენტური ციტატა გაავრცელა ფეისბუქ გვერდმა “პოლიტიკანომ” კომენტარით “წინასწარ გადაგვიწყვიტა”.

""

'"

“კარდჰუს” მიერ გავრცელებული ციტატა ადამ კინზინგერის 20 მაისს გაკეთებული განცხადების მცდარი ინტერპრეტაციაა. კინზინგერმა საქართველოს მთავრობას და ოპოზიციას ოქტომბრის არჩევნების 120/30 სისტემით ჩატარების შესახებ მიღწეული შეთანხმება მიულოცა და სწორედ ამ ფაქტს უწოდა დემოკრატია. კონგრესმენს არჩევნების შედეგებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

რა განცხადება გააკეთა კინზინგერმა საქართველოსთან დაკავშირებით?

20 მაისს ონლაინ პრესკონფერენციაზე ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა. ადამ კინზინგერი გამოეხმაურა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე შეთანხმებას, რომელიც 2020-ის საპარლამენტო არჩევნების 120/30-ზე სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს და აღნიშნა, რომ ამ შეთანხმებით საქართველოში დიდი პროგრესი იქნა მიღწეული. მისი თქმით, როგორც მთავრობა, ისე ოპოზიცია, ამისათვის შექებას იმსახურებს და იმედოვნებს, რომ დანაპირები შესრულდება. კინზინგერმა ასევე განაცხადა, რომ გამოსავალი, რომელიც ამ შემთხვევაში მოიძებნა, შესაძლოა ყველას არ მოეწონოს, თუმცა სწორედ ეს არის დემოკრატია.

“ამასთან დაკავშირებით [საარჩევნო სისტემის შეთანხმებაზე] ვულოცავ ორივე მხარეს. არავინ იქნება ბოლომდე კმაყოფილი. ვამბობ იმ ადამიანის გადმოსახედიდან, რომელიც დიდი ხანია პოლიტიკაში მოღვაწეობს, არავინ არ არის ბედნიერი არაფრით, სწორედ ასეთია დემოკრატია. თუმცა ეს ბევრად უკეთესია ვიდრე ერთი ადამიანის მიერ თქვენი ცხოვრების მართვა და ბევრად უკეთესია ვიდრე რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფნა.” - განაცხადა კინზინგერმა.

კონგრესმენს ოქტომბრის არჩევნების შედეგების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. ერთადერთი, რაც კინზინგერმა მოახლოებული არჩევნების შესახებ აღნიშნა, იყო მისი დამკვირვებლის სტატუსით ჩამოსვლა. მისი თქმით, იმედოვნებს, რომ ოქტომბერში ჩამოვა, თუმცა ეს კონგრესის სამუშაო გრაფიკზე და საერთაშორისო მიმოსვლაზეა დამოკიდებული.


“კარდჰუს” ციტატა რეალური ციტატა
ოქტომბრის არჩევნების შედეგები არავის არ მოგეწონებათ, მაგრამ ეგ იქნება დემოკრატია" - ადამ კინზინგერი” “ვულოცავ ორივე მხარეს [საარჩევნო სისტემის შეთანხმებაზე]. არავინ იქნება ბოლომდე კმაყოფილი, თუმცა ასეთია დემოკრატია.” - ადამ კინზინგერი

“კარდჰუს” შესახებ

ფეისბუქ გვერდი 2017 წლის 23 ივლისს შეიქმნა. ავრცელებს სიძულვილის ენას ეროვნული, სექსუალური და სხვა უმცირესობების მიმართ. აღვივებს ევროსკეპტიციზმსა და უნდობლობას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ. “კარდჰუს” გავრცელებულ დეზინფორმაციასა და მანიპულაციურ ინფორმაციას “მითების დეტექტორი” პერიოდულად ამოწმებს და ამის შესახებ არაერთი მასალა აქვს გამოქვეყნებული.

Politicano-ს  შესახებ

Politicano-ს ფეისბუქ გვერდი ევგენი პრიმაკოვის სახელობის რუსულ-ქართულ საზოგადოებრივ ცენტრთან დაკავშირებული მედიუმია. Politicano-ს გავრცელებულ დეზინფორმაციასა და მანიპულაციურ ინფორმაციას “მითების დეტექტორი” პერიოდულად ამოწმებს და ამის შესახებ არაერთი მასალა აქვს გამოქვეყნებული.