31 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებელმა Khatuna Khatun გამოაქვეყნა ფოტო, აღწერით “ხუთი მილიონი ადამიანი გამოვიდა ბუქარესტში, რუმინეთი კოვიდ-დიქტატური გასაპროტესტებლად”. 2 სექტემბრის მდგომარეობით პოსტს 468 გაზიარება აქვს.
პოსტი დეზინფორმაციულია. რეალურად ფოტო 2017 წელს, ანტისამთავრობო გამოსვლაზეა გადაღებული და კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებთან ან ვაქცინაციასთან კავშირი არ აქვს.
Google-ის საძიებო სისტემაში ძებნით დგინდება, რომ ფოტო პირველად 2017 წელს გამოქვეყნდა. აღწერის მიხედვით, ის ბუქარესტში გამართულ ანტი-სამთავრობო აქციას ასახავს.
2017 წლის თებერვალში ბუქარესტში ასობით ათასმა ადამიანმა აქცია გამართა მთავრობის მიერ მიღებული ცვლილებების გამო, რომელიც კორუფციის ზოგიერთ მუხლზე სასჯელს აუქმებდა. აქციების შედეგად მთავრობამ მიღებული ცვლილებები გააუქმა.
ფოტო მცდარი აღწერით, თითქოს ის 2021 წელსაა გადაღებული და კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ან ვაქცინაციის წინააღმდეგ გამართულ აქციას ასახავს, სოციალურ ქსელებში მიმდინარე წლის დასაწყისშიც გავრცელდა. ინფორმაცია Reuters-მა და AFP-მაც გადაამოწმეს. AFP აქვეყნებს 2017 წელს ამავე აქციაზე მათი ჟურნალისტის მიერ გადაღებულ ფოტოს, რომელზეც იგივე ობიექტები ჩანს, რაც ვირუსულად გავრცელებულ ფოტოზეა.
წყარო: AFP Fact Check
მიმდინარე წელს რუმინეთში ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებმა საპროტესტო აქცია მართლაც გამართეს, ოღონდ მას არა 5 მილიონი, არამედ დაახლოებით 3 000 ადამიანი ესწრებოდა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.