სხვადასხვა

გახდა თუ არა ენტონი ფაუჩი ამერიკის ყველაზე სექსუალური მამაკაცი და რა ვიცით შიდსის ეპიდემიის შესახებ?

20 სექტემბერი, 2021

2021 წლის 14 სექტემბერს კრემლის პროპაგანდისტულმა მედიამ “Sputnik-Ossetia” ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ენტონი ფაუჩის შესახებ სტატია შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: “ამერიკის ყველაზე სექსუალური კაცი “დოქტორი სიკვდილი” გახდა”. “Sputnik”-ის სტატიაში ამერიკის მთავარი ეპიდემიოლოგის წინააღმდეგ რამდენიმე მტკიცებას ვხვდებით: 

  • 1980-იან წლებში ამერიკაში შიდსის ეპიდემიის დროს ენტონი ფაუჩი არაერთ სკანდალში გაეხვა, რადგან ექიმებს აივ-ით ინფექციის მკურნალობის ეფექტიანი მეთოდებისა და მედიკამენტების გამოყენება აუკრძალა, რის გამოც ამერიკის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი შიდსის ეპიდემიას ვერ გაუმკლავდა. 
  • ენტონი ფაუჩი ექიმებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ეფექტიანი მედიკამენტების გამოყენებას პანდემიის პერიოდშიც უკრძალავს და ვაქცინების სწრაფად ადმინისტრირების პროცესს ხელს უშლის. ფაუჩი რუსულ ვაქცინას “Sputnik V”-ს თავს მიზანიმართულად ესხმის.
  • ფაუჩი მჭიდროდაა დაკავშირებული კომერციულ ფარმეცევტულ ბიზნესთან (ე.წ. “Big Pharma”) და “ღრმა სახელმწიფოსთან”, რომლებიც ცდილობენ, რომ პანდემია და კრიზისი გაგრძელდეს.

"
Sputnik-Ossetia-ს სტატია ენტონი ფაუჩის შესახებ რამდენიმე მცდარ მტკიცებას შეიცავს. 1. ცნობა, თითქოს ენტონ ფაუჩი ამერიკის ყველაზე სექსუალური კაცი გახადა, სიმართლეს არ შეესაბამება. 2. დეზინფორმაციაა მტკიცებაც, თითქოს ენტონი ფაუჩიმ, როგორც შიდსის ეპიდემიის, ისე კორონავირუსის პანდემიისას ექიმებს ინფიცირებულთა განსაკურნად ეფექტიანი მედიკამენტების გამოყენება აუკრძალა. 3. მცდარია ინფორმაციაც, თითქოს ენტონი ფაუჩი კორონავირუსის რუსულ ვაქცინა “Sputnik V”-ს დისკრედიტაციას ეწევა. 4. ხოლო მტკიცება, თითქოს ენტონი ფაუჩი ე.წ. “ღრმა სახელმწიფოს” წარმომადგენელია, შეთქმულების თეორიაა.

დეზინფორმაცია #1: ენტონ ფაუჩი ამერიკის ყველაზე სექსუალური კაცი გახადა.

2020 წლის აპრილში ინტერნეტსივრცეში მართლაც გამოჩნდა პეტიცია, რომლის ხელმომწერებით ამერიკის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის ენტონი ფაუჩის “2020 წლის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად” გამოცხადებისთვის ხელმოწერებს აგროვებდნენ. პეტიციამ 28 000-ზე მეტი ხელმომწერი მოაგროვა, თუმცა 2020 წლის ყველზე სექსუალური კაცის ტიტული ამერიკულმა ჟურნალმა “PEOPLE” არა ენტონი ფაუჩის, არამედ ამერიკელ მსახიობს მაიკლ ბ. ჯორდანს გადასცა

"
დეზინფორმაცია #2: 1980-იან წლებში ამერიკაში შიდსის ეპიდემიის დროს ენტონი ფაუჩი ექიმებს აივ-ით ინფექციის წინააღმდედ მკურნალობის ეფექტიანი მეთოდებისა და მედიკამენტების გამოყენებას უკრძალავდა, რის გამოც შიდსით უამრავი ადამიანი დაიღუპა. 

შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის (შიდსის) ეპიდემია ამერიკაში 1981 წლიდან დაიწყო და დაავადება თავდაპირველად განსაკუთრებული სისწრაფით ჰომოსექსუალ მამაკაცებში ვრცელდებოდა. ენტონი ფაუჩიმ ამერიკის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა ეპიდემიის პერიოდში, 1984 წელს დაიკავა, როცა შიდსის გამომწვევი პათოგენის - ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) და მის მიერ გამოწვეული დაავადების შესახებ მეცნიერებისთვის ძალიან ცოტა იყო ცნობილი. CDC-მ მხოლოდ 1982 წელს შეძლო იმის დადგენა, რომ ვირუსი გავრცელების წყარო ინფიცირებულების სისხლი იყო, ხოლო ვირუსის იზოლირება და მისი ტესტირების მეთოდი 1983 წელს შეიმუშავა. შესაბამიად, ეპიდემიის საწყის ეტაპზე აივ ინფექცია უკონტროლოდ ვრცელდებოდა და არ არსებობდა დადასტურებული ეფექტიანი მკრუნალობის მეთოდები, ვაქცინა ან მედიკამენტები, რომლებსაც დაავადების განკურნება ან მისი სიმპტომების მკურნალობა შეეძლო. 

FDA-ის მიერ დადასტურებული წამლებისა და თერაპიული მეთოდების არარსებობის ფონზე, შიდსის ეპიდემიის ადრეულ ეტაპზე მკურნალობის ალტერნატიული და არავტორიზებული მეთოდები ფართოდ იყო გარვცელებული, თუმცა მცდარია ინფორმაცია, თითქოს ენტონი ფაუჩიმ შიდსის ვირუსის მკურნალობის რომელიმე ეფექტიანი მეთოდი ან მედიკამენტი აკრძალა. რეალურად, ენტონი ფაუჩის ძალისხმევის შედეგად აივ-ის საწინააღმდეგო მედიკამენტების კლინიკური კვლევებისთვის ბიუროკრატიული ბარიერები და შეზღუდვები შემცირდა, რათა შიდსის სამკურნალო პრეპარატების კლინიკურ კვლევაში მეტი ადამიანის ჩართვა გამხდარიყო შესაძლებელი და კვლევები უფრო რეპრეზენტაციული გამხდარიყო. ამასთანავე, ენტონი ფაუჩი შიდსის მკურნალობის მეთოდების სწრაფად შემუშავების მოთხოვნებით ქუჩაში გამოსულ დემონსტრანტებსა და ფედერალურ ბიუროკრატებს შორის მედიატორის როლსაც ასრულებდა, რათა აივ-ინფიცირებულთა ინტერესების დამცველი აქტივისტების რეკომენდაციები სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში გათვალისწინებული ყოფილიყო. 

ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა (NIH) აივ ინფექციის სიმპტომების სამკურნალო პირველი FDA-ის მიერ დადასტურებული მედიკამენტი AZT (zidovudine) სწორედ ფაუჩის ხელმძღვანელობით შექმნა, რომელმაც ავტორიზაცია 1987 წელს მიიღო. პრეპარატი ინფექციის პროგრესირებას და სიმპტომების განვითარებას აფერხებდა, ხოლო 1996 წელს შიდსის მკურნალობის გაუმჯობესებული მეთოდი შექმნა, რომელიც AZT-ისა და რამდენიმე სხვა პრეპარატით ერთობლივი თერაპიის ჩატარებას გულისხმობდა, რის შემდეგაც აივ-ით ინფიცირების და შიდსით გარდაცვალების შემთხვევებმა მკვეთრად დაიკლო.

ენტონი ფაუჩის მიერ შიდსის ეპიდემიის მართვის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორიმა” ადრეც გადაამოწმა. ამ თემაზე იხილეთ სტატიები:

დეზინფორმაცია #3: ენტონი ფაუჩი ექიმებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ეფექტიანი მედიკამენტების გამოყენებას უკრძალავს, ხოლო რუსულ ვაქცინა “Sputnik V”-ს დისკრედიტაციას  მიზანმიმართულად ეწევა, რათ ვაქცინების სწრაფად გავრცელებას ხელი შეუშალოს. 

“Sputnik-Ossetia”-ს სტატია არ აკონკრეტებს, კორონავირუსის სამკურნალოდ რომელი ეფექტიანი მედიკამენტის გამოყენება აკრძალა ენტონი ფაუჩიმ. ამ დროისთვის FDA COVID-19-ით მძიმედ ინფიცირებული და ჰოსპიტალიზებული პაციენტების მკრუნალობისთვის თერაპიის რამდენიმე მეთოდს, მათ შორის რემდესივირს, უწევს რეკომენდაციას. არ არსებობს მტკიცებულებები, რომ კორონავირუსის სამკურნალო სხვა ეფექტიანი მედიკამენტებიც არსებობს და მათი ეფექტიანობის მიუხედავად ენტონი ფაუჩი მათ გამოყენებას კრძალავს. ერთ-ერთი პოპულარული, თუმცა არაეფექტიანი და დაუდასტურებელი მკურნალობის მეთოდი, რომელსაც ენტონი ფაუჩი გაემიჯნა, მალარიის საწყინააღმდეგო პრეპარატი პლაქვენილი იყო. პანდემიის დასაწყისში ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ზოგიერთ ექიმი აქტიურად ამტკიცებდნენ, რომ პლაქვენილს კორონავირუსის განკურნება შეუძლია, თუმცა როგორც კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, პრეპარატს დაავადების დინამიკაზე არანაირი გავლენა არ აქვს. პლაქვენილის შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები: 

რაც შეეხება ფაუჩის მიერ “რუსული ვაქცინის დისკრედიტაციას”, როდესაც რუსეთმა 2020 წლის 11 აგვისტოს ადამიანებში მხოლოდ ორთვიანი, მცირე ზომის კლინიკური კვლევების შემდეგ, “მესამე ფაზის” გავლამდე დაამტკიცა, ენტონი ფაუჩიმ ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ვაქცინის ნაჩქარევი დამტკიცების შესახებ შემდეგი განცხადება გააკეთა: 

ენტონი ფაუჩი: “იმედი მაქვს, რუსეთმა ნამდვილად და ერთმნიშვნელოვნად დაამტკიცა, რომ ვაქცინა ეფექტიანი და უსაფრთხოა. მე სერიოზულად ვეჭვობ, რომ ეს ნამდვილად მოახერხეს.” 

“Sputnik V”-ს რუსეთში დამტკიცების პარალელურად FDA-ის მიერ ამჟამად ავტორიზებული დასავლური ვაქცინები ჯერ კიდევ კლინიკური კვლევების მესამე ფაზას გადიოდნენ. აღსანიშნავია, რომ “Sputnik V”-ს მესამე ფაზის კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ 91%-ით ეფექტიანია, გამალეას ინსტიტუტმა 2021 წლის თებერვალში, ვაქცინაციის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ გამოაქვეყნა. ენტონი ფაუჩის თქმით, გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით ვაქცინა “საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა” და ეფექტიანი ჩანდა. ენტონი ფაუჩის რუსული ვაქცინის მადიკრედიტებელი სხვა განცხადებები არ გაუვრცელებია. 

კონსპირაცია: ენტონი ფაუჩის მჭიდრო კავშირები აქვს კომერციულ ფარმეცევტულ ბიზნესთან (ე.წ. “Big Pharma”) და “ღრმა სახელმწიფოსთან”, რომლებიც ცდილობენ, რომ პანდემია და კრიზისი მაქსიმალურად გაგრძელდეს.

“ღრმა სახელმწიფოსა” და “ფარმაცევტული მაფიის” შეთქმულების თეორიები ულტრა-მემარჯვენე ამერიკულ საზოგადოებაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, რომელთა მიხედვითაც ამერიკაში მიმდინარე პროცესებს მემარცხენე, სატანისტური ელიტა და დიდი ზომის კორპორაციები ქვეყნის მთავრობისაგან დამოუკიდებლად მართავენ. რეალურად, არ არსებობს მტკიცებულებები, რომ ენტონი ფაუჩი ან გადაწყვეტილების მიმღები სხვა პირები “ჩრდილოვან” ელიტასთან ფარულ გარიგებაში იმყოფებიან და ამერიკაში კრიზისების შექმნასა და ორგანიზებულ დანაშაულში არიან ჩართული. აღნიშნულმა კონსპირაციის თეორიებმა განსაკუთრებული პოპულარობა  4chan-ის პლატფორმის ანონიმური მომხმარებლის "Q"-ს გამოჩენის შემდეგ შეიძინა, რომელიც ამტკიცებდა, რომ დონალდ ტრამპი “ღრმა სახელმწიფოს” დასამარცხებლად მოვლენილი მესიაა.

“ღრმა სახელმწიფოსა” და Q-სთან დაკავშირებული სხვა შეთქმულების თეორიების შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები: 


მოამზადა მედეა სულამანიძემ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.