რა მოხდა რუმინეთის საავადმყოფოში?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

45
VIEWS

15 მარტს ფეისბუქ-პროფილმა სულიერი სამყარო რუმინული ტელევიზიის სიუჟეტის რუსულად გახმოვანებული ვერსია გამოაქვეყნა. სიუჟეტში საუბარია რუმინეთის ქალაქ სიბიუს საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილების ყოფილ თანამშრომელზე, რომელმაც საავადმყოფო საჯაროდ დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მიმართ არასათანადო მოპყრობას ავლენდნენ, მათ საწოლზე აბამდნენ და საძილე საშუალებებს აძლევდნენ.

ფეისბუქ-პროფილმა ვიდეოსთვის დართულ ტექსტში აღნიშნა, რომ საავადმყოფოს ყოფილმა თანამშრომელმა აღიარა, რომ პაციენტებს დამაძინებელი საშუალებებით კლავდნენ, რათა კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკა გაეზარდათ. ის ასევე წერს: “ასე აშინებდნენ ერთი წლის განმავლობაში ხალხს და დააჯერეს, რომ კოვიდი კლავს ადამიანებს”.

;

16 მარტს იდენტური ვიდეო მსგავსი ტექსტით ფეისბუქ-პროფილებმა Nina Marji-მ და სამყარო სამყარო-მაც გამოაქვეყნეს.

17 მარტის მდგომარეობით, სულიერი სამყაროს პოსტს 3 800-ზე მეტი, Nina Marji-ს პოსტს 73, სამყარო სამყაროს პოსტს კი 12 გაზიარება აქვს.

“სულიერი სამყაროს” პოსტი რუმინეთში მომხდარ შესაძლო ფაქტს კორონავირუსის სტატისტიკის ხელოვნურად გაზრდას მანიპულაციურად უკავშირებს. სიბიუს საავადმყოფოს ყოფილმა თანამშრომელმა საავადმყოფო პაციენტების მიმართ არასათანადო მოპყრობაში ნამდვილად დაადანაშაულა, თუმცა მას მომხდარი კორონავირუსის სტატისტიკის გაზრდისთვის არ დაუკავშირებია, ადმინისტრაციული პერსონალში სამსახურებრივი გადაცდომის საკითხს კი გამოძიება მოჰყვა.

“სულიერი სამყაროს” მიერ ატვირთული სიუჟეტი რუმინული ტელევიზია DIGI 24-ის ეთერში 9 მარტს გავიდა. სიუჟეტში სიბიუს საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილების ყოფილი თანამშრომელი ანონიმურად საუბრობს და საავადმყოფოს საჯაროდ ადანაშაულებს. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები, რომლებსაც სუნთქვა უჭირდათ, საწოლებზე იყვნენ მიბმული და მათ საძილე საშუალებებს აძლევდნენ.

ყოფილი თანამშრომელი მომხდარის მიზეზად კორონავირუსის სტატისტიკის გაზრდას არ ასახელებს. ის საუბრისას აღნიშნავს, რომ დაუდევრად განსაკუთრებით იმ პაციენტებს ეპყრობოდნენ, რომლებსაც ნათესავები არ ჰყავდათ ან საზღვარგარეთ იყვნენ.

რუსული გახმოვანების მიხედვით, ყოფილი ექთანი პაციენტებისათვის საძილე საშუალებების მიცემის მთავარ მიზეზად ასახელებდა იმას, რომ მათ საკვები ან სასმელი არ მოეთხოვათ ან ტკივილზე არ დაეჩივლათ. ექთანი იხსენებს, რომ ერთ-ერთი მოხუცი პაციენტი იმის შემდეგ დააძინეს, რაც მან საკვები მოითხოვა.

ყოფილმა თანამშრომელმა საავადმყოფო მას შემდეგ დაადანაშაულა, რაც მსგავსი ბრალდება საავადმყოფოს სხვა ყოფილმა თანამშრომელმაც გამოთქვა. მან ერთ-ერთ გაზეთთან ანონიმურად საუბრისას აღნიშნა, რომ პაციენტებს საძილე საშუალებებს აძლევდნენ და საწოლზე აბამდნენ, რათა მათ ექიმები და ექთნები არ შეეწუხებინათ. მეორე ყოფილი თანამშრომელი იმასაც ამბობს, რომ მან სავარაუდოდ თვითონაც მიიღო პაციენტების მკვლელობაში მონაწილეობა, რადგან საავადმყოფოს თანამშრომელი იყო.

რუმინული გამოცემა agerpres-ის ცნობით, სიბიუს საავადმყოფოს მენეჯერი ამბობს, რომ ექთანი, რომელმაც საავადმყოფო დაადანაშაულა, სიბიუს საავადმყოფოში მხოლოდ 1 თვის განმავლობაში მუშაობდა და ამ დროის განმავლობაში მას ინტენსიური თერაპიის განყოფილების მენეჯმენტში დარღვევები არ შეუნიშნავს. მენეჯერის თქმით, სავარაუდოდ, ექთანმა გარკვეული დარღვევები თვითონ ჩაიდინა.

საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ ბრალდებებს უპასუხა: დირექტორის კალინ ჩიპაიანის თქმით, პაციენტების საწოლზე მიბმა პროტოკოლის ნაწილია. მან აღნიშნა, რომ პაციენტების საწოლზე მიბმის მიზანი მათი დაცვა იყო, რადგან როცა მათ მილები და ზონდი აქვთ დამაგრებული, დისკომფორტს გრძნობენ და მათი მოხსნის მცდელობისას შესაძლოა, სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდონ.

რუმინულ მედიაში 16 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სიბიუს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტმა სიბიუს საავამყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ხარვეზების არსებობა დაადასტურა და განყოფილების უფროსი 10 000 რუმინული ლეით, ხოლო პაციენტებზე ზრუნვის სამსახურის დირექტორი 2 000 ლეით დააჯარიმეს. ამ სანქციების პარალელურად, პროკურატურამ მკვლელობის საქმეზე გამოძიება დაიწყო, თუმცა შედეგები ჯერჯერობით არ გასაჯაროვებულა.

წყაროების შესახებ

ფეისბუქ-პროფილი “სულიერი სამყაროს” url მისამართში ჩანს, რომ პროფილს ადრე gocha gocha ერქვა. პროფილს ისეთი პერსონალური მონაცემები, როგორებიცაა სახელი და გვარი, ასაკი, სამუშაო ადგილი და საკონტაქტო ინფორმაცია მითითებული არ აქვს.

;

მსგავსი მდგომარეობაა მეორე პროფილის “სამყარო სამყაროს” შემთხვევაშიც, პერსონალური ინფორმაცია არც ამ პროფილზე იძებნება. არც ერთ პროფილს არ აქვს ატვირთული პერსონალური ფოტოები, რომლებითაც ადამიანის იდენტიფიცირება იქნებოდა შესაძლებელი.


არქივის ბმულები:
სულიერი სამყარო
Nina Marji
სამყარო სამყარო


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუმინეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist