Healthcare/Biosafety

მმკ და სხვა მღვდლები ვაქცინაციის წინააღმდეგ დეზინფორმაციულ მიმართვას ავრცელებენ

28 July, 2021

2021 წლის 25 აპრილს კოვის19-ის ვაქცინების შესახებ მართლმადედებელ მშობელთა კავშირის (მმკ) წევრი დავით ისაკაძისა და სხვა სასულიერო პირების ერთობლივი ვიდეომიმართვა გავრცელდა. სასულიერო პირები ამტკიცებენ, რომ კოვის19-ის ვაქცინები უფრო სახიფათოა, ვიდრე ვირუსით გამოწვეული დაავადება. მათი თქმით, 2021 წლის გაზაფხულიდან მხოლოდ ევროპაში Pfizer-ით და AstraZeneca-თი ვაქცინირებული 10 000 ადამიანი დაიღუპა და მსხვერპლი კი კიდევ იზრდება. ვიდეოში ნათქვამია ისიც, რომ კორონავირუსის ვაქცინები არაეფექტიანია, ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტს არ ტოვებს და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესებას უწყობს ხელს. 

სასულიერო პირების მიმართვის ამსახველი ვიდეო ფეისბუქზე ვირუსულად მას შემდეგ გავრცელდა, რაც 24 ივლისს საქართველოში ამერიკის მთავრობის დახმარების ფარგლებში 500 ათასი დოზა ფაიზერი ჩამოვიდა. 25 და 26 ივლისს ვიდეო თერთმეტმა სხვადასხვა მომხმარებელმა და გვერდმა, მათ შორის ანტივაქსერებმა გააზიარეს, კერძოდ: Khatia Sichinava, Mamuka Kowowashvili, kakha kakhadze, Katya Sichinava, ირაკლი ანთიძე, Lasha Modebadze, შორე შანიძე, ვამეხ ფუსდანი, დათო სალუქვაძე, ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება, პოლიტიკური ნაკვალევი. თავის მხრივ, ჩამოთვლილი ფეისბუქ ანგარიშების პოსტებს ათასობით გაზიარება აქვს.

 

სასულიერო პირები ნახევარსაათიან ვიდეომიმართვაში 9 დეზინფორმაციულ მტკიცებას და კონსპირაციას ახმოვანებენ. რეალურად, ვაქცინაცია კორონავირუსით ინფიცირებაზე სახიფათო არ არის. 2021 წლის გაზაფხულიდან ევროპაში Pfizer-ით და AstraZeneca-თი ვაქცინირებული 10 000 ადამიანი არ დაღუპულა. კორონავირუსის ვაქცინები უსაფრთხო და მაღლეფექტიანია, რასაც არაერთი კვლევა ადასტურებს.

კორონავირუსის ის ვაქცინები, რომლებიც ამჟამად ავტორიტეტული მარეგულირებელი ორგანიზაციების მიერაა ავტორეზებული, უსაფრთხოა და მათი სარგებელი ვაქცინასთან დაკავშირებული რისკებს გადასწონის. გადაუდებელი საჭიროებისთვის ავტორიზაციის პროცესში როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, ისე ევროპის მედიკამენტების სააგენტოსა თუ ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტოს მწარმოებლებმა ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებული კვლევების ყველა მონაცემი წარუდგინეს და ვაქცინების ავტორიზება მხოლოდ ამ მონაცემების შესწავლის საფუძველზე მოხდა. ამასთანავე, ვაქცინაციის პროცესის პარალელურად ვაქცინის უსაფრთხოებას სხვადასხვა მარეგულირებელი ორგანო აკვირდება, შესაძლო გვერდით მოვლენებს აღრიცხავს და ვაქცინასთან მათ შესაძლო კავშირს შეისწავლის.

ევროკავშირის ქვეყნებში ერთიან მონიტორინგს ევროპის წამლისა და მედიკამენტების სააგენტო (EMA) აწარმოებს და კორონავირუსი ვაქცინების უსაფრთხოების პროფილებს ყოველთვიური განახლებებით აქვეყნებს. EMA-მ კორონავირუსის ვაქცინების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ბოლო განახლებები 2021 წლის 14 ივლისს გამოაქვეყნა, თუმცა მათში ვაქცინებით გარდაცვლილი 10 000 ადამიანის შესახებ ცნობები არ გვხვდება. EMA-ს მონაცემებით, 4 ივლისის მდგომარეობით ევროპის მაშტაბით Pfizer-ის წარმოებული ვაქცინის 276 მილიონი დოზა იყო ადმინისტრირებული, ხოლო AstraZeneca-ს ვაქცინის - 58,4 მილიონი დოზა. ვაქცინის გვერდითი მოვლენების მონიტორინგის ევროპული სისტემის EudraVigilance-ის მონაცემების მიხედვით, რომელიც გარდაცვალების შესახებ შესულ შეტყობინებებს ასახავს და გადამოწმებულ მონაცემებს არ წარმოადგენს, Pfizer-ის ვაქცინის მიღების შედეგ 276 მილიონი ადამიანიდან  გარდაცვალების შესახებ შეტყობინება 3 848 ადამიანზე შევიდა, ხოლო AstraZeneca-თი - 938-ზე. მონაცემებთან დაკავშირებით  EMA განმარტავს, რომ EudraVigilance-ის ბაზაში (ისევე, როგორც მის ამერიკულ ანალოგში - VAERS-ში) ფიქსირდება ვაქცინაციის შემდეგ დაფიქსირებული ყველა გვერდითი მოვლენა და ფატალური შემთხვევაც მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მათ კავშირი კორონავირუსის ვაქცინასთან. შესაბამისად, მაგალითად Pfizer-ის შემთხვევაში დაფიქსირებული 3 848 გარდაცვალება არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი ვაქცინის შედეგია. გარდაცვალებასა და ვაქცინას შორის კავშირის დასადგენად საჭიროა შემდგომი სამედიცინო ექსპერტიზა და გამოძიება.

რაც შეეხება ვაქცინაციასთან შესაძლო კავშირის მქონე გარდაცვალების შემთხვევებს, ამჟამად Pfizer-ის ვაქცინასა და გარდაცვალებას შორის “შესაძლო” კავშირი ნორვეგიის მედიცინის სააგენტოს გამოძიებამ 10 შემთხვევაში დაადგინა. სააგენტოს დასკვნის მიხედვით, ათივე გარდაცვლილი ხანდაზმული იყო თანმდევი სამედიცინო ისტორიით, რის გამოც, ვაქცინის გვედითი მოვლენების მძიმე ფორმა განვითარდა. 

AstraZeneca-ს ვაქცინაციის შემდეგ სავარაუდო გარდაცვალების შემთხვევები ვაქცინის იშვიათ გვერდით ეფექტს - თრომბოემბოემბოლას და თრომბოზის ფორმებს უკავშირდება. 2021 წლის გაზაფხულზე AstraZeneca-ს ვაქცინის მიღების შემდეგ ევროპის მასშტაბით 30 მილიოზე მეტი ვაქცინირებულიდან იშვიათი ფორმის თრომბოზის 30-მდე შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემების შესწავლის შემდეგ EMA-მ თრომბოემბოლია AstraZeneca-ს ვაქცინის უკიდურესად იშვიათ გვერდით ეფექტად აღიარა. EudraVigilance-ის ბაზის 27 ივნისის მონაცემებით კი, AstraZeneca-ს ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვალების სავარაუდო, მაგრამ გადაუმოწმებელი ქეისების რიცხვი ევროკავშირში 100-ს აღწევს. ივნისის მონაცემებით, ევროკავშირში ასტრაზენეკას 51.4 მილიონი დოზის ადმინისტრირება მოხდა.

ამგვარად, კორონავირუსით გარდაცვალების რისკებთან შედარებით ვაქცინაციის შემდეგ გამოწვეული გართულებებით გარდაცვალების რისკი უკიდურესად მცირეა. შედარებისთვის, 18 ივლისის მდგომარეობით ევროპის მაშტაბით კორონავირუსით 50 მილონზე მეტი ინფიცირებულიდან 1 188 027 ადამიანი გარდაიცვალა.

ვიდეოში გაჟღერებული სხვა მცდარი ინფორმაცია 

სასულიერო პირების ნახევარსაათიან ვიდეომიმართვაში იმ მცდარ ინფორმაციასაც ვხვდებით, რომელიც “მითების დეტექტორმა” ადრეც გადამოწმა: 

  • კორონავირუსის ვაქცინები ეფექტიანია და ამცირებს დაავადების დამძიმების, ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების მაჩვენებლებს, რაც არა მხოლოდ ვაქცინების კლინიკური კვლევებით, არამედ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე დადასტურდა. ვაქცინები გარკვეულ ეფექტიანობას ავლენენ ვირუსის ახალი შტამების წინააღმდეგაც.

რას აჩვენებს უახლესი კვლევები AstraZeneca-ს, Johnson&Johnson-ის და სხვა ვაქცინების ეფექტიანობასა და გვერდით ეფექტებზე?

ზვიად ტომარაძის 5 ტყუილი და 19 საბაბი

დეზინფორმაციაა, თითქოს ისრაელში ვაქცინირებულთა სიკვდილიანობამ აუცრელთა სიკვდილიანობას გადააჭარბა

რომელი ვაქცინა რომელი შტამის წინააღმდეგ მუშაობს?

  • მტკიცება, რომ კორონავირუსის პანდემია და ვაქცინაცია მსოფლიო მოსახლეობის მიზანმიმართულ შემცირებას და “ახალი მსოფლიო წესრიგის” დამყარებას ემსახურება, შეთქმულების თეორიაა. მოსახლეობის შემცირების შესახებ მტკიცება ბილ გეტსის  განცხადების არასწორი ინტერპრეტაციიდან იღებს სათავეს. 

საიდან იღებს სათავეს კონსპირაცია “ახალი მსოფლიო წესრიგის” შესახებ?

გვპირდება თუ არა ბილ გეიტსი დეპოპულაციას და ჩიპიზაციას?

  • დეზინფორმაციაა, რომ კორონავირუსის იზოლირება არ მომხდარა და ვირუსსა და დაავადებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგენილი არ არის. ვირუსის იზოლირება ჩინეთში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში მოხდა და დადგინდა, რომ Covid-19-ს მართლაც ახალი ვირუსი SARS-CoV-2-ი იწვევს. 

მოხდა თუ არა კორონავირუსის იზოლირება და შესაძლოა თუ არა კორონავირუსის არსებობის შესახებ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა?

  • კასპის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი ოლია მახარაძე კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან არ გარდაცვლილა. როგორც მისმა შვილიშვილმა განაცხადა, პედაგოგი გულის შეტევით გარდაიცვალა, თუმცა მას ვაქცინის მეორე დოზა გაკეთებული არ ჰქონდა. 

დეზინფორმაცია, თითქოს პედაგოგის გარდაცვალების მიზეზი ვაქცინის მეორე დოზა იყო

  • რობერტ მალონი, რომელიც თავს რნმ ვაქცინების გამომგონებელს უწოდებს, რნმ ტექნოლოგიის განვითარებაში მონაწილეობას მართლაც იღებდა, თუმცა ის კორონავირუსის ვაქცინების დამზადებისას გამოყენებული მექანიზმის გამომგონებელი არ არის. მალონის მტკიცება, რომ რნმ ვაქცინები ტოქსიკურია, დეზინფორმაციაა.

ვინ არის რნმ ტექნოლოგიის გამომგონებელი და განაცხადა თუ არა მან, რომ ვაქცინები მავნებელია?

  • Microsoft-ის მიერ შემუშავებული კრიპტოვალუტის სისტემის იდეა, რომლის პატენტი რეგისტრირებულია კოდით WO2020060606, ადამიანის სხეულში ჩიპის შეყვანას არ გულისხმობს და მას არც ვაქცინებთან აქვს კავშირი. 

ვინ ავრცელებს შეთქმულებებს ადამიანების დაჩიპვის შესახებ?

  • აბორტირებული ემბრიონის უჯრედები ვაქცინების შემადგენლობაში არ გვხვდება. ემბრიონის უჯრედული ხაზი წითელას, ყბაყურის, ებოლას, გრიპისა თუ კორონავირუსის ვაქცინების შექმნის პრე-კლინიკურ ეტაპზე პრეპარატზე დასაკვირვებლად გამოიყენება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ემბრიონის უჯრედები ვაქცინის ინგრედიენტია და ვაქცინის მიღების შემდეგ ისინი ადამიანის ორგანიზმში მოხვდება

6 ტყუილი COVID-19-ზე, ვაქცინებზე და დაპატენტებულ ვირუსებზე

არც ვაქცინები და არც Nestle-ს, Craft-ის, PepsiCo-ს საკვები პროდუქტები აბორტირებული ემბრიონის უჯრედებს არ შეიცავენ

  • ვაქცინაციისას რნმ-ის ან დნმ-ის ადამიანის გენომში ინტეგრირება და გენეტიკის დონეზე რაიმე ცვლილების გამოწვევა შეუძლებელია. mRNA ვაქცინები ადამიანის დნმ-ზე გაველნას არ ახდენს, რამდენადაც არ აღწევს უჯრედის ბირთვს, სადაც ადამიანის გენეტიკური მასალა ინახება. 

რნმ-ზე თუ დნმ-ზე დამყარებული ვაქცინა?

Pfizer-სა და Moderna-ს გვერდითი ეფექტები იშვიათია, ხოლო რნმ ტექნოლოგია უსაფრთხოა

აღსანიშნავია, რომ 25 ივლისს გავრცელებული მიმართვის ავტორმა სასულიერო პირებმა მსგავსი ვიდეო 2020 წლის ოქტომბერშიც გაავრცელეს, რომელშიც ამტკიცებდნენ, რომ კორონავირუსის პანდემია გლობალური შეთქმულებაა და ვირუსთან დაკავშირებული საფრთხეები გაზვიადებულია. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატია: 
სასულიერო პირები qadageba.ge-ზე კოვიდზე კონსპირაციებს ავრცელებენ

“მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” შესახებ იხილეთ ბმულზე.
დავით ისაკაძის შესახებ იხილეთ ბმულზე.


მოამზადა მედეა სულამანიძემ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.